მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლოს ესწრებიან დიპლომატები ევროპული ქვეყნების საელჩოებიდან
დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში.

მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან.

საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის თარგმანი.

ევროპის

სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან.

რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ გახდა სისტემის მსახური?

მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები