შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,
პაკისტანის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით
განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 44 შეკვრად დაფასოებული
ნარკოტიკული საშუალებები "მეთადონი" და "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად
ამოიღეს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის
მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.