სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა გამოაცხადა — ადვოკატი
სინდისის პატიმარმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა გამოაცხადა — ადვოკატი მიუთითებს არაადამიანურ პირობებზე

სინდისის პატიმარი ინსაფ ალიევი შიმშილობას აცხადებს საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობების გასაპროტესტებლად. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი ადვოკატი, აიჰან ჰასანლი.

ადვოკატის ინფორმაციით, ალიევმა აღნიშნა, რომ მისი საკანი იყო არაადამიანური და არაჰუმანური პირობების მქონე — კერძოდ, სავსე ტარაკნებით. საჩივრის შემდეგ, ის და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან

248-ე საკანში გადაიყვანეს, სადაც არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. ასეთ პირობებში პატიმრებს არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და პრაქტიკულად შეეზღუდათ კვებაზე წვდომა.


"ინსაფ ალიევმა დახმარებისთვის მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში რეაგირება არ ყოფილა. საბოლოოდ, მან კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ დახმარებას მიიღებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ და იმავე საღამოს ალიევი 5-დღიან იზოლაციაში, სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
ალიევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სჭირდება მედიკამენტები და ორ დღეში ერთხელ ინექცია. მიუხედავად დაპირებისა, რომ წამლებს მიაწვდიდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე. იზოლაციაში გადაყვანამდე მან სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლებისა და პირადი ნივთების აღება, თუმცა ამის ნაცვლად მას ხელბორკილები დაადეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს." - წერს აიხან ჰასანლი




მანამდე, როდესაც ახალ საკანში წყალზე წვდომისა და კანალიზაციის გაუმართაობაზე მიუთითა, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან ჩატარებული იყო სადეზინფექციო სამუშაოები. ჰასანლის თქმით, ძლიერი ქიმიური სუნის გამო ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და საჭირო გახდა ექიმთან გადაყვანა.

პროტესტის ნიშნად, ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის შესახებ უკვე ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი.


ინსაფის და კიდევ 7 სინდისის პატიმარის საქმეს აკვირდება და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა FIDH (International Federation for Human Rights), OMCT (World Organisation Against Torture), Human Rights House Foundation (HRHF) და სხვა.

ინსაფი უკვე 8 თვეა რაც წინასწარ პატიმრობაშია. ადვოკატი, აიჰან ჰასანლი ფიქრობს, რომ მოსამართლეს პროცესის დასრულება და განაჩენის გამოტანა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სურს, რათა სინდისის პატიმრებმა საპატიმრო არ დატოვონ და სასამართლო სხდომაზე გარედან არ იარონ - საქართველოს კანონმდებლობით, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ათეულობით ადამიანი დააკავეს აქციებში მონაწილეობისა და “ქართული ოცნების” მიერ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტებისათვის. ბრალდების მხარემ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა 11 სინდისის პატიმრის საქმეზეც, რომელი საქმეც ინსაფ ალიევისა და კიდევ 7 სინდისის პატიმრის საქმის ანალოგიურია.
საქართველოში დღეისათვის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარია.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები