საქართველოში თურქეთში ძებნილი 12 პირი დააკავეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის პოლიციის ინიციატივით გამოცხადდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათგან 8 პირი საქართველოში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც საერთაშორისო ძებნა

ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული, ხოლო 4 პირი ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდა. ამ ფაქტებზე მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლის წარმოება.

დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც ბრალდებულნი არიან სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, მათ შორის: განზრახ მკვლელობა და მისი მცდელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და წევრობა, გამოძალვა, ქურდობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ნარკოტიკული დანაშაული, დოკუმენტების გაყალბება, თაღლითობა და მითვისება. ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაკავებამდე ტარდებოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე თურქეთის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში მოქმედი პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.

ამ დროისთვის ყველა დაკავებულის მიმართ გრძელდება წინასაექსტრადიციო პროცედურები.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები