ექს-მოსამართლე ბესარიონ ალავიძე: „მინდოდა უზენაესი
სასამართლოს ფასადზე მოსამართლის მანტიით თავი ჩამომეკიდა, რომ
საზოგადოებას ეცნოს, რა ხდება სისტემაში“
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, ამბობს,
რომ მან სუიციდზე არაერთხელ იფიქრა სასამართლოში ზეწოლისა და სტრესის
გამო. „ბევრჯერ მიფიქრია, ავიდოდი უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე,
ჩამოვიკიდებდი თავს მოსამართლის მანტიით, რათა ყველას საჯაროდ
დაენახა, რა პირობებში გვიწევდა მუშაობა,“ – აღნიშნავს ის.
ალავიძის ვიდეოჩანაწერი იურისტმა კახა წიქარიშვილმა 2025 წლის 2
ოქტომბერს გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, ეს ჩანაწერი სამი წლის წინ
არის გაკეთებული. წიქარიშვილის თქმით, მას ვიდეოს გასაჯაროება თავად
ალავიძესთან შეთანხმებით გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ
ქვეყანა დატოვა. „ვიცოდი, შეიძლებოდა მერეც მექნა, მაგრამ ახლა,
არჩევნების წინ, მგონია დროა, სიმართლე გაისმას,“ – დაწერა
წიქარიშვილმა ფეისბუქში.
ზეწოლა გახმაურებულ საქმეებზე
ვიდეოში ბესარიონ ალავიძე ჰყვება რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე, მათ
შორის – „რუსთავი 2-ის საქმე“ და მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ
ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის. მისი თქმით, ზეწოლისა და
მუქარის გამო სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. ერთ ეპიზოდში აღწერს, როგორ
ჩაკეტეს მოსამართლეები სამუშაო კაბინეტში და როგორ მოაწყვეს ექიმთან
შეთანხმებით ისე, რომ სურამის საავადმყოფოში თითქოს ქირურგიული
ოპერაცია ჩატარდა, თუმცა რეალურად ჩარევა არ განხორციელებულა.
ალავიძე აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები ქრთამსაც
სთავაზობდნენ. მაგალითად, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ პირდაპირ მიუღია
მუქარა და შეთავაზება.
„მოსამართლეთა კლანის“ ზეწოლა
ალავიძე დეტალურად აღწერს, როგორ ცდილობდნენ გავლენიანი მოსამართლეები
– ვასილ როინიშვილი, ვალერი ცერცვაძე, ლევან მურუსიძე და მიხეილ
ჩინჩალაძე – მისზე ზეწოლას. მისი თქმით, 2014 წელს, „მეტალურგიული
ქარხნის საქმის“ განხილვისას, მას პირდაპირ უთხრეს, რომ
გადაწყვეტილება პატარკაციშვილების ოჯახის სასარგებლოდ უნდა მიეღო.
როდესაც ალავიძემ უარი განაცხადა, ჯერ კაბინეტში დაიბარეს, შემდეგ კი
რესტორანში შეხვედრაზე. „ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა,“ –
ამბობს ის. მისივე თქმით, მას ემუქრებოდნენ სამსახურის დაკარგვით და
იმით, რომ „ფულის აღებას დააბრალებდნენ“.
ალავიძე იხსენებს შემთხვევასაც, როცა ვალერი ცერცვაძემ პირდაპირ
შესთავაზა თვითდაზიანება: „ან თვითონ გაიკეთე რამე, ან ჩვენ
დაგაზიანებთო“. საბოლოოდ, სწორედ ამ დროს მოილაპარაკეს ექიმთან და
ოფიციალურ დოკუმენტებში ისე ჩაიწერა, თითქოს მას ოპერაცია ჩაუტარდა,
მიუხედავად იმისა, რომ რეალური ჩარევა არ ყოფილა.
„რუსთავი 2-ის საქმე“
ალავიძე იხსენებს „რუსთავი 2-ის“ საქმესაც. მისი თქმით, მოსამართლეები
– თვითონ, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე – საათობით
ჩაკეტეს კაბინეტში, ტელეფონების გარეშე. „ვიფიქრეთ, ფანჯრიდან ხომ არ
ჩავძვრეთ და პირდაპირ ტელევიზიაში წავსულიყავით,“ – ამბობს ის.
როგორც ალავიძე ჰყვება, კოლეგიას არ მისცეს საქმის განხილვის თარიღის
დანიშვნის საშუალება. მოგვიანებით, ზეწოლის ქვეშ საქმე დიდ პალატას
გადაეცა. ამის შემდეგ ხელისუფლება თითოეული მოსამართლის დაშინებას და
მოქრთამვას ცალ-ცალკე შეეცადა.
„მიუთითეს თანხა თავად დამესახელებინა, შემომთავაზეს VIP გასასვლელით
საზღვარგარეთ გამგზავრება ოჯახის წევრებთან ერთად… მაგრამ ეს ქრთამი
არ მიმიღია,“ – ამბობს ის.
ალავიძის თქმით, თავად ბიძინა ივანიშვილსაც
არ ჰქონია მოლოდინი, რომ საქმე ასე დასრულდებოდა.
„კლანი ყველაფერზე წამსვლელია“
ალავიძე დასძენს: „ეს ადამიანები, ვისაც კლანს ეძახით, ყველაფერზე
წამსვლელები არიან – ისეთი სიღრმის დანაშაულებში არიან
ჩაფლულები.“
კახა წიქარიშვილმა ალავიძის
ინტერვიუს ამსახველი
ვიდეოჩანაწერი უკვე გაუგზავნა პროკურატურას.