30 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ, „ობიექტური ჭეშმარიტების
დადგენის მიზნით,” „აი ფაქტის“ დამფუძნებელი ორგანიზაციისგანაც
მოითხოვა ინფორმაცია.
„რაჟდენ კუპრაშვილი ითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე
პერიოდში მოქმედ/დადებულ ყველა საგრანტო ხელშეკრულებას, სამუშაო
გეგმას, თანხების გაცემის გრაფიკს, საგრანტო ბიუჯეტის დეტალურ
პროექტს, ფინანსურ ანგარიშებს… ბიურო ამბობს, რომ წარმოება დაწყებულია
ორგანიზაციის საქმიანობის „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონთან
შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით. მას დღეს ვაცნობეთ, რომ 16
აპრილის შემდეგ ორგანიზაციას გრანტები არ ჰქონია“,-
ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაჟდენ
კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო
საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი
ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის
წინააღმდეგ.
NGO-ების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს
გამოსცა ბრძანება 9 ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად
დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და
ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან
დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია. ორგანიზაციების შეფასებით,
ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო
ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.