ცნობილ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს პატიმრობა
მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება 17:55 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
„ჯარიმა არ იქნებოდა პროპორციული ამ
დანაშაულისთვის“, - განაცხადა მოსამართლემ.
რატიანს პოლიციელისათვის სახეში გარტყმის გამო 4-დან 7 წლამდე
პატიმრობა ემუქრებოდა.
მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და მას პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი მუხლით:
„პოლიციის მუშაკის ... მიმართ წინააღმდეგობა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის
შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის
მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის
მუქარით“.
მანამდე რატიანმა განაცხადა:
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ დღეს, ჩემი
მომავალი გაცილებით მსუბუქი და სანატრელია, ვიდრე იმ ადამიანების,
ვინც საქმით ემსახურებიან ან დუმილით ამყარებენ ამ
უსამართლობას“.
რატიანმა განაცხადა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა იყო სიმბოლური
აქტი, - რომლის შთაგონებადაც იქნენ პედაგოგი ნინო დათაშვილი და
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ისინი დაპატიმრებულები არიან.
„რაც ერთდროულად რამდენიმე სიმბოლურ კონტექსტსაც მოერგო
და ჩემი ბუნებისთვისაც ორგანული გამოდგა, სწორედ სილა იყო.
განსაკუთრებით მიმდინარე ბრძოლის კონტექსტით, რომელიც ამ ორ დიდებულ
ადამიანს, მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს უკავშირდება. მეც ავდექი
და ეს ციკლი გავასამე“, - სწერდა რატიანი რადიო
თავისუფლებას სექტემბერში.