წლის ბოლომდე რუსეთი იმპორტირებულ საწვავზე შესაძლოა, 60%-ით იყოს დამოკიდებული - უკრაინის საგარეო დაზვერვა
წლის ბოლომდე რუსეთი იმპორტირებულ საწვავზე შესაძლოა, 60%-ით იყოს დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში წერია, რასაც epravda ავრცელებს.

უწყების შეფასებით, „რუსეთში საწვავის კრიზისი ცალკეული ავარიების ან სანქციების შედეგი იმდენად არ არის, რამდენადაც მისი ენერგეტიკული მოდელის ღრმა დეგრადაციის ასახვაა. წლების განმავლობაში არასაკმარისმა დაფინანსებამ, ტექნოლოგიურმა იზოლაციამ და მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა ოდესღაც მომგებიანი ინდუსტრია გადასარჩენ სისტემად ინერციით აქცია.“

კერძოდ,

რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის ევროპულ ნაწილში რამდენიმე სამრეწველო ცენტრში არიან კონცენტრირებული, ტექნოლოგიებითა და წარმოების სტრუქტურით ჩამორჩენილი რჩებიან. როცა ზოგიერთმა ამ ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ქვეყანამ შიდა სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, დაკარგა.

“სექტემბერში ბენზინის ექსპორტის აკრძალვით რუსეთის მთავრობამ სიტუაციის სტაბილიზაცია სცადა. თუმცა ამ ნაბიჯმა კრიზისი მხოლოდ გაამწვავა, რადგან ქრონიკული დანაკარგების კომპენსირებისა და სექტორის მოდერნიზაციის ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობას სწორედ უცხოური გაყიდვები იძლეოდა. ამჟამად უცხოურ ვალუტაში შემოსავლის გარეშე საწარმოები განახლებისთვის საჭირო რესურსებს მოკლებული არიან, ხოლო შიდა ბაზარზე ფასების რეგულირება ხელოვნურ დეფიციტს ქმნის,” - წერს დაზვერვის სამსახური.

ამასთან, უწყების შეფასებით, “ბენზინის გაძვირება ტრანსპორტირების ხარჯს ზრდის, რაც მომხმარებელთა ფასებზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ეს რუსეთში დღგ-ის ზრდასთან ერთად ინფლაციის მკვეთრი აჩქარების რისკს ქმნის. მართალია, ოფიციალური სტატისტიკა შეეცდება, დამალოს ეს ეფექტი, თუმცა მომხმარებლები ამას საკუთარ საფულეებში იხილავენ.”

ცნობისთვის: BBC-ის გამოთვლით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ საწვავის დეფიციტს რუსეთის, სულ მცირე, 57 რეგიონი, ანუ ნახევარზე მეტი განიცდის.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები