„ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა
აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი ათამდე პარტიის
წინააღმდეგ შეიტანონ სასამართლოში. მათ შორის, კობახიძის თქმით,
იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და ის პარტიები,
რომელთა წევრებიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენენ. ასევე პარტიებიც,
რომელთა წევრებიც არ ყოფილან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, თუმცა
კობახიძის აზრით, ბოლო წლების განმავლობაში მათთან ერთად იყვნენ
ჩართულები „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში“.
„ზუსტი სია
გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა
ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში. გეტყვით რა არის პრინციპი:
პირველი, როცა პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც
წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. რა თქმა უნდა, მათ შეეხებათ
სარჩელი.
მარტივად, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან
დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები – ეს არის „ნაცმოძრაობა“,
ეს არის „ახალი“ და რამდენიმე მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა
– ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს
წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ
სარჩელი. შეიძლება იყოს ათამდე პარტია“, – თქვა კობახიძემ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, მოხვდება თუ არა ამ სიაში „ლელო“ და
„გახარია საქართველოსთვის“, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მათ არც 4
ოქტომბრის აქციისთვის დაუჭერიათ მხარი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს ორი
პარტია აქამდე, წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად
იყვნენ ჩართულები ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში.
„გახარიას და „ლელოს“ შემთხვევაში რატომ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი. რა გააკეთეს მათ:
ავიღოთ 2021 წელი და 2024 წელი. ორი ძირიადი – საპარლამენტო და
თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით
საპარლამენტო არჩევნებს.
ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკურმა ძალებმა ზუსტად იგივე დღის წესრიგი
აირჩიეს, რაც აირჩია „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მეორე დანაყოფმა –
საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. იგივე კანდიდატის სტატუსთან
დაკავშირებით, ბოლომდე იყვნენ ჩართული საბოტაჟში.
ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი. საერთო დღის წესრიგით მოქმედებდნენ
ეს პოლიტიკური ძალები. მათ შორის საბოტაჟთან დაკავშირებით, რაც არის
ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. რაზეც არის აგებული ჩვენი
პრეტენზია კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით…
…ერთადერთი გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა [4 ოქტომბრის
აქციას]. მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გამიჯნულა
გამუდმებულ საბოტაჟს.
უფრო მეტიც, გახარიას პარტიას 4 წლის განმავლობაში ჰქონდა შექმნილი
კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში. პირდაპირ
მიჰყვებოდნენ მათ დღის წესრიგს. კოალიციას როცა ქმნი თავისი არსით
არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს
არაკონსტიტუციურობასაც“, – განაცხადა კობახიძემ.