4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს, ჯამში - 62
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. გელაძის თქმითვე, უცხოეთში მყოფ კიდევ ორ პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთერთი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია.

"ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის

ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი - სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება" - განაცხადა გელაძემ.

ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს "დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით".

"ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა" - აცხადებს გელაძე.

ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, "უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

ამ დრომდე დაკავებული აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ ორს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები