ჟურნალისტმა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებელმა/დირექტორმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა
ევროკავშირის
ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო.
როგორც ევროპარლამენტი იტყობინება, 2025 წლის პრემია ამაღლობელთან
ერთად გადაეცა ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტს.
ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, 22
ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დაასახელა.
"ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი
ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ,
ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი
თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია
მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების
მოთხოვნას", — განაცხადა რობერტა მეცოლამ.
სახაროვის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა რუსი
მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ჯილდოს
მიზანია დააჯილდოოს ის პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან
ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის. პრემია
ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ პატიმრებსა და აქტივისტებზე,
რომლებიც იდევნებიან.
პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ნელსონ მანდელას (1988), მალალა
უსუფზაის (2013), ალექსეი ნავალნის (2021), უკრაინის ხალხს (2022) და
ჯინა მაჰსა ამინის (2023).
2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს,
სტრასბურგში გაიმართება. ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.