თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი 23 ოქტომბერს გზის
გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ის 5 ნოემბერს, 19:20 საათზე, დატოვებს მარნეულის დროებითი მოთავსების
იზოლატორს. სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გაირკვა,
რომ სადიგოვი დამატებით არის დაჯარიმებული 55-ჯერ 5,000 ლარით, რაც
ჯამში დაახლოებით 250,000 ლარს შეადგენს. შსს მას პერიოდულად 29
ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით აჯარიმებდა, თუმცა
ამის შესახებ მას
არავის შეუტყობინებია.
სადიგოვი 17 აპრილს გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა თითქმის 9-თვიანი
პატიმრობის შემდეგ. პროკურატურამ და სასამართლომ მას ქვეყნიდან
გასვლის უფლება არ მისცეს, რის გამოც ის ფაქტობრივად მოსწყდა მეუღლესა
და ქალიშვილებს, რომლებიც მესამე უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფებიან.
სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა თბილისისა და ბათუმის საპროტესტო
აქციებში, სოლიდარობას უცხადებდა მედიას, თუმცა არცერთხელ არ
შეუტყობინებია ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ, მიუხედავად იმისა,
რომ მისი ოფიციალური საკონტაქტო მონაცემები პროკურატურისთვის ცნობილი
იყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯარიმები უკვე გაასაჩივრა თბილისის
საქალაქო სასამართლოში. თუმცა, არსებული პრაქტიკის ფონზე, ობიექტური
შეფასების მოლოდინი მცირეა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 342-დღიანი
პროტესტის დროს, სასამართლოებმა ასობით საქმე განიხილეს გზის
გადაკეტვის ბრალდებით და აბსოლუტურ უმრავლესობაში პირები
სამართალდამრღვევებად ცნეს. სასამართლო არ ითვალისწინებს პოლიციის
მხრიდან გზის გადაკეტვის ფაქტს და ვერ გასცა პასუხი, თუ რა რაოდენობის
აქციის მონაწილეა საჭირო გზის გადაკეტვისთვის.
„ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ჩასახშობად კანონმდებლობა გაამკაცრა.
განმეორებითი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადად
იქნა აღიარებული (ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ალტერნატივის
გარეშე). ეს ზომები მიიჩნევა არაპროპორციულად და წარმოადგენს
შეკრების/გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. არსებობს მაღალი რისკი,
რომ ეს რეპრესიული მექანიზმი გამოყენებული იქნება აფგან სადიგოვის
წინააღმდეგაც, რომელიც უკვე ერთი წელია სამართლებრივი დევნისა და
შევიწროების ქვეშ იმყოფება.