დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,
მუნის მატების შემთხვევები „არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“.
იმნაძის თქმით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ
ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. მისივე
განცხადებით, დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.
სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით
კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.
„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას
შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია.
მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი
ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით
კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით,
ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების
საშუალებით.
პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან
კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და
თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა
მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და
ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს
მასთან“, – განაცხადა იმნაძემ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მუნის
შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მუნის შემთხვევები
დაფიქსირდა სკოლებსა და ბაღებში.