ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება - ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ამასთან, უქმდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე.

შესაბამისი ცვლილებები “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით გაიწერება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში “ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიმჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები