მარნეულელმა და ბოლნისელმა ახალგაზრდებმა "გდანსკის ბიზნეს კვირეულზე" ქართული სიმღერა იმღერეს
მარნეულელი ახალგაზრდები „გდანსკის ბიზნეს კვირეულიდან“ დაბრუნდნენ.

ლაიდა ქერიმოვამ და ანი ნოზაძემ პოლონეთის ქალაქ გდანსკის, ბიზნეს კვირეულში მონაწილეობა მარნეულის სახელით მიიღეს. როგორც თავად ამბობენ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს ესწრებოდნენ და ხვდებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ.

„აღფრთოვანებული ვარ, ახლაც ყველას ვუყვები თუ რა ხდებოდა იქ. ორგანიზატორები და მომუშავე ხალხიც კარგი იყო და რაც მთავარია ის ბავშვებიც რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. ბავშვები იყვნენ უკრაინიდანაც და პოლონეთიდანაც, ყველა ძალიან კეთილი და მეგობრული იყო და საუკეთესო შთაბეჭდილება ჩემზე სწორედ მათ მოახდინეს.“
- გვითხრა ლაიდა ქერიმოვამ

„ესეთი შანსი არ ვიცი კიდევ ბევრს მოგვეცემა თუ არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგი იყო, რადგან დიდ ბიზნესმენებთან გვიწევდა კონტაქტი და ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ.“ - ამბობს ანი ნოზაძე

ანი და ლაიდა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდის „Red Carpet”-ის წევრები არიან. როგორც ანიმ გვითხრა „გდანსკის ბიზნეს კვირეულის“ ყველაზე კარგი მოგონება, ტალანტების შოუზე, მათ მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერას უკავშირდება.

„ქართული სიმღერა შევასრულეთ ჩვენ ქართველებმა, რომლებიც წასულები ვიყავით და ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ამან მათში, არ ჰქონდა მნიშვნელობა სიტყვები ესმოდათ თუ არა, მაინც დაიწყეს ტირილი.“ - გვითხრა ანი ნოზაძემ




საქართველოს მასშტაბით „გდანსკის ბიზნეს კვრეულში“ მონაწილეობა სულ ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. ანისა და ლაიდას გარდა პოლონეთში კიდევ 4 ბოლნისელი ახალგაზრდა იყო წასული.

გდანსკის ბიზნეს კვირეული საზაფხულო ბანაკია, ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწად, რომელსაც ატარებს ქალაქ გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“, „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად.

რადიო „მარნეული“


Print