საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
პირველმა მოადგილემ,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და
კომპანია „აკორდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა
მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი,
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო
გზის ნაწილია. პირველ, ძირულა-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე, ამ
დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები
მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს
აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქცია,
ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი
მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე
მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების
მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების
მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60
ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და
ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ
მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის
მოდერნიზაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23
000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე
ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშოების ღირებულება
54 566 117 ლარია. სამუშაოების ვადად 29 თვეა განსაზღვრული.