თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია
თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით მოძრავი საექსპორტო მატარებელი საქართველოშია. მან ქვეყნის საზღვარი გუშინ გვიან ღამით გადმოკვეთა და ახალქალაქის სარკინიგზო სადგურში გაჩერდა.

ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად მოხდა. მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გამოვიდა. ის შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით, სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს. მატარებელს ჯამში 8 693 კმ-ის გავლა მოუწევს, რაც მან 12 დღეში უნდა დაფაროს. მატარებელს მოუწევს გადალახოს 2 კონტინენტი, 2 ზღვა, 5 ქვეყანა.

მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული.

აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები