2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ ჯამში 5 182 978 ლარი დახარჯა — TI
2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ ჯამში 5 182 978 ლარი დახარჯა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ახალ ანგარიშში წერია. კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს, პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება, დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

TI-ის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი — 276 ადამიანი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4 297 151 ლარი გაიცა. ამასთან:

  • ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი — 56 370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
  • 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში;
  • 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49 459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები;
  • ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10 050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით — 4 000 ლარი.


TI-მ ასევე შეისწავლა ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯებიც. კვლევიდა ირკვევა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში. ამასთან, ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში. სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2020 წელს 270 017 ლარი დაიხარჯა.


რაც შეეხება საწვავს, TI-ის ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245 413 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რამაც ჯამში 454 428 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა — 46 327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82 660 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, TI-ის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2020 წელს 47 442 ლარი გახარჯეს, ხოლო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე კი 19 628 ლარი. ამასთან, წარმომადგენლობითმა ხარჯებმა, მათ შორის რესტორნის მომსახურებამ, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად დახარჯულმა თანხმა 28 392 ლარი შეადგინა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები