რატომ გაძვირდა პური – “პურის მცხობელთა ასოციაციის” განმარტება
“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განმარტებით, პურის 10-თეთრიანი გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა. ამის შესახებ დოლიძემ დღეს, 16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“შეთანხმება იყო, რომ სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილი წარმოებას 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ფქვილის ღირებულება არის 60-61-62 ლარი, ზუსტად ეს განსხვავებაა წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე 10-თეთრიანი სხვაობა აქედან გამომდინარეობს.

ამასთან, დოლიძის განცხადებით, უცხოური ვალუტის კურსის სხვაობის პარალელურად მოიმატა პურის გასაკეთებლად საჭირო დამხმარე მასალების ფასმაც, მათ შორის, ენერგომატარებლების, წყლის, საფუარის, საწვავის ფასებმა და გაიზარდა დისტრიბუციის ხარჯებიც.

“ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. იცით ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული”, – განმარტა დოლიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე გაჩერდება თუ არა პურის ფასი ამ ნიშნულზე, დოლიძემ უპასუხა, რომ დაზუსტებით ვერ იტყვის, თუმცა “პროგნოზი ცუდი არ არის”, რადგან საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს განსაკუთრებით მაღალია, ასევე ქვეყანაში შემოსულია და უახლოეს მომავალი კიდევ შემოვა დაბალი ღირებულების ხორბალი.

დოლიძის თქმით, პურზე 10-თეთრიანი მატების შენარჩუნებას საქართველოში მწარმოებლები დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრის თვემდე შეძლებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები