„ყველა მიმართულებიდან გვიტევენ“ – „ჩვენ არანაირად არ გვჭირდება იმპორტირებული კვერცხი, საკმარისი წარმოება გვაქვს“
ფრინველის ხორცის (როგორც ახალი, ისე გაყინული) და კვერცხის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ 24,323 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქათმის ხორცი შეიძინა, რაც თითქმის, 9,7 მლნ აშშ დოლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 14,644 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება კვერცხს, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში 1,552 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიდოში კი - 175.3 ათასი აშშ დოლარის.

ამასთან, კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა თურქეთიდან - 772.3 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც მოსდევს უნგრეთი - 606.4 ათასი აშშ დოლარი, ბულგარეთი - 135 ათასი აშ დოლარი და რუსეთი - 34.5 ათასი აშშ დოლარი.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშილი: „მოკლედ, ყველა მიმართულებიდან გვიტევენ, იქიდან საწვავის ფასი, მარცვლეულის ფასი და შეზღუდვები რუსეთის მხრიდან, ალბათ, ფასის შეკავება ვერანაირად ვერ მოხერხდება... და ამავდროულად, საზღვარია დარღვეული, ამ ეტაპზე არანაირად არ გვჭირდება კვერცხის იმპორტი, საკმარისი წარმოება გვაქვს. საზღვარი დაუცველი გვქონდა ყოველთვის და ახლა მითუმეტეს... თურქეთში კი იცით, რა ვითარებაა, ჯერ ტურისტი არ არის, ამას ემატება ეს არეულობა, თურქული ვალუტის გაუფასურება და უფრო აწყობთ პროდუქტის გაყიდვა უცხოეთში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. მოკლედ, აქედან ფასები და შეზღუდვა გვიტევს, იქიდან იმპორტი და ობოლი ბავშვებივით ვარ, არავინ არის ჩვენი პატრონი.

თორემ, ფრინველის ხორცის იმპორტი გასაგებია, არავის გაუკვირდება, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ მოთხვნას და გინდა თუ არა, უნდა შემოიტანო. ეს ახსნადია. მაგრამ კვერცხის იმპორტთან დაკავშირებით, უბედურ დღეში ვართ, შემოაქვთ და ეს მალფუჭებადი პროდუქტი გვრჩება გასაყიდი“.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ადგილზე წარმოებული პროდუქტზე ფასების ცვლილება, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაძვირება გარდაუვალია.

„ახლა რთულია რამე პროცენტებზე საუბარი. ალბათ, მიჰყვება ეტაპობრივად ამ ფასებს. ჯერჯერობით, იმედი გვაქვს, რომ მაისის ბოლოს, ივნისი პირველ კვირაში ქართული მარცვლეული იქნება და იმის ფასებიდან გამომდინარე შევჯერდებით. რომ მოიმატებს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, უბრალოდ, არ ვიცით, რა ფასი იქნება მარცვლეულზე და წინასწარ ვერაფერს ვამბობთ“, - აცხადებს ზურა უჩუმბეგაშვილი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები