„დაახლოება ვერ მოხდება მხოლოდ დაბეგვრით. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულებები დარგის განვითარებისთვის“ - მეფუტკრეთა ასოციაცია
ევროკავშირთა დაახლო ვერ მოხდება მხოლოდ დაბეგვრით - ასე აფასებს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან“ მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტყეში ფუტკრის სკის განთავსებაზე გადასახადი წესდება.

ალეკო პაპავა ამბობს, რომ გადასახადის დაწესების შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულებები დარგის განვითარებისთვის.

„განხილვების პროცესიდანვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩვენი პოზიცია იცოდა. ფუტკარი, არის მწერი, რომელიც ხელს უწყობს ბიო მრავალფეროვნებას და ნაყოფიერებას. ფუტკარი, სასოფლო სამეურნეო კულტურების 87%-ს ეხმარება მოსავლის მატებაში. ამიტომ, სახელმწიფო პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს, რაც შეიძლება მეტი ფუტკრის ოჯახი იყო და მეტი ფართობი მოვიცვათ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ გვექნება მეტი მოსავლიანი ადგილი.

რაც შეეხება ამ ერთ ლარს, რომელიც მაინც გახდება სავალდებულო, კი ბატონო, იყოს ეს თანხა, მაგრამ მაშინ, სახელმწიფომაც უნდა აიღოს ვალდებულებები. უნდა მოხდეს, ტყის ფონდის შესწავლა, პირველ ყოვლისა თაფლოვანი მცენარეების ბაზის შესწავლა. აქედან გამომდინარე უნდა მოეწყოს სამთა-ბარო ადგილები. უნდა მოწესრიგდეს ვეტერინარია, რომ არ მოხდეს დაავადებული ფუტკრების ტყეში შეყვანა და აუცილებელია მოეწყოს ინფრასტრუქტურა. ვგულისხმობ ელემენტარულად გზის მიყვანას. ამ შემთხვევაში არა თუ ერთ ლარს, მეტსაც გადაიხდიან მეფუტკრეების დიდი ნაწილი. გასაგებია, რომ სახელმწიფოს სურს ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება, მაგრამ დაახლოება ვერ მოხდება მხოლოდ დაბეგვრით. ეს უნდა მოხდეს დარგის განვითარებით. მეფუტკრეობის განვითარება ზოგადი ინდიკატორია, როგორ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა“
- განაცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლური ფასი, ერთი ლარი ეღირება (ერთი სკა წლის განმავლობაში).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები