ბანკები ესტონური მოდელით არ დაიბეგრებიან – ღარიბაშვილი
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბანკებისთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად კვლავ 20%-ს გადაიხდიან.

ღარიბაშვილმა ამის შესახებ დღეს, 5 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, „რაც გაუმართლებელია“.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით 2024 წლიდან მთავრობა ვარაუდობს დამატებითი შემოსავლის მიღებას.

„ჩვენ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, წლის ბოლომდე, 2 მილიარდი ლარი სუფთა მოგება.

ამას გარდა, ჩვენი გადაწყვეტილებით და ინიციატივით, პარლამენტს, რა თქმა უნდა, მივმართავთ ამის თაობაზე, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა, და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან“,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ესტონური მოდელი გულისხმობს მოგების გადასახადის 20-დან 15 პროცენტამდე შემცირებას, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, საწარმოს (კომპანიის) ამ გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას.

როდესაც კომპანია მოგებას გასცემს დივიდენდის სახით ან მოგებიდან მიღებულ თანხებს ანაწილებს სხვაგვარად, რაც არაა დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობასთან, მაშინ ეს კომპანიები/საწარმოები იბეგრებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები