ქვემო სარალის სკოლაში გათბობის სისტემის პროექტის შესყიდვას მერია მესამედ, გაზრდილი თანხით, ცდილობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე მესამედ ცდილობს სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.

მარნეულის მერიამ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში გათბობისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, 16 000 ლარის ღირებულების, პირველი ტენდერი 4 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პირმა, ირაკლი ფიფიამ მიიღო, მაგრამ მერიამ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

მერორე ტენდერი მერიამ 12 სექტემბერს გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი კვლავ 16 000 ლარად გეგმავდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, მაგრამ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, რის გამოც ის არ შემდგარად გამოცხადდა.

იგივე მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი მერიამ მესამედ 21 ნოემბერს გამოაცხადა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მომსახურების შესყიდვას უკვე გაზრდილი თანხით, 18 500 ლარად, გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობისა და ელექტროგაყვანილობის სისტემების მოწყობის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები