პლატფორმა „სალამ“ -ი ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
დაგეგმილი ცვლილებები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმაღლეს
განათლებაზე წვდომას საფრთხის წინაშე აყენებს.
ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ე.წ. „1+4“
პროგრამის გარშემო. სტუდენტები, რომლებმაც წელს წარმატებით დაასრულეს
ერთწლიანი მოსამზადებელი ეტაპი და საბაკალავრო საფეხურზე უნდა
გადასულიყვნენ, ამ დრომდე არ ფლობენ ოფიციალურ ინფორმაციას ჩარიცხვის
წესისა და პროცედურების შესახებ.
გაურკვეველია, რომელ ფაკულტეტებზე და
რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას.
„სალამი“ აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები
განათლების სისტემაში ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში არიან.
ქართული ენის არასათანადო ცოდნა, გეოგრაფიული იზოლაცია და
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მათთვის დამატებით ბარიერებს
ქმნის.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა „1+4“ პროგრამა - როგორც
ინტეგრაციისა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის
მექანიზმი.
“განათლების უფლება არის ფუნდამენტური ადამიანის უფლება,
რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო
სამართლის ნორმებით. ეთნიკური ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაციის
ნებისმიერი რისკი ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ზიანს
აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ
განათლების სისტემაში ინკლუზიურობის შემცირება გააღრმავებს სოციალურ
უთანასწორობას და დაასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას. სახელმწიფოს
ვალდებულებაა, არა შეზღუდოს, არამედ გააძლიეროს ეთნიკური
უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მათთვის
თანაბარი შესაძლებლობები.” - წერს სალამი
პლატფორმა მიიჩნევს, რომ ინკლუზიურობის შემცირება სოციალურ
უთანასწორობას გააღრმავებს და საზოგადოებრივ ერთიანობას დაასუსტებს.
მათი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა გააძლიეროს და არ შეზღუდოს
ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე წვდომა და უზრუნველყოს მათთვის
თანაბარი შესაძლებლობები.
განათლების წარდგენილ რეფორმაში არაფერია ნათქვამი ეთნიკური
უმცირესობების შესახებ. საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
რადიო „მარნეულმა“ განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილით
დეკემბრის თვეში მიმართა და ჰკითხა, თუ რა პირობები გავრცელდება „1+4“
პროგრამის სტუდენტებისათვის, ექნებათ თუ არა სახელმწიფო დაფინანსების
მოპოვების შესაძლებლობა კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ 1+4 პროგრამის
სტუდენტებს.
განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, 2024–2025 სასწავლო
წლისთვის გაიზარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე
ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების
მოცულობა, ხოლო 2025–2026 სასწავლო წლისთვის აღნიშნული თანხა კვლავ
გაორმაგდა.
ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემის
რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, 2026 წლიდან დაფინანსებას
მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლის უფლებას სახელმწიფო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ
სახელმწიფო დაფინანსება იზრდება, არ არის მკაფიო პასუხი,
შეინარჩუნებენ თუ არა დაფინანსებას ის სტუდენტები, რომელთა არჩევანი
რეფორმის შედეგად შესაძლოა შეზღუდული გახდეს.
შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ახალგაზრდებისთვის კვლავ ღიად რჩება კითხვა შეამცირებს თუ არა ახალი
რეფორმა მათ რეალურ არჩევანს განათლებაში.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ფაკულტეტებისა და მიმართულებების დიდი
ნაწილი უქმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში. იქ, სადაც 1+4 სტუდენტების ერთ-ერთი დიდი ნაწილი,
სწორედ ამ უნივერსიტეტებში მიიღებოდა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ რადიო მარნეულის მასალა:
განათლების რეფორმა: მისაწვდომობის რისკი ეთნიკური
უმცირესობებისთვის