საფრთხე სამოქალაქო ინტეგრაციას — თსუ-ს სტუდენტები მულტილინგვური პროგრამის შესანარჩუნებლად განათლების მინისტრს მიმართავენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტები და ქართულ ენაში მომზადების („1+4“) სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მიმართავენ.
ახალგაზრდები თსუ-ში „მულტილინგვური განათლების“ პროგრამის მოსალოდნელ გაუქმებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ დაანონსებული ცვლილებები სტუდენტთა უფლებებთან ერთად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსაც უქმნის საფრთხეს.

ოფიციალური მიმართვის ასლი თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიასა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების

კომიტეტსაც გაეგზავნა.

სტუდენტების განცხადებით, პროგრამის დახურვა პირდაპირ ურტყამს „1+4“ პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან კონკრეტული დაპირება მიიღეს.

გარდა ამისა, ურთულეს მდგომარეობაში ვარდებიან 2025 წელს მობილობით გადმოსული სტუდენტებიც, რადგან უნივერსიტეტი აუცილებელ სასწავლო კომპონენტებს ვეღარ გამოაცხადებს, რაც სწავლის დასრულებას ფიზიკურად შეუძლებელს ხდის.

„'1+4' პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ოფიციალური პირობა, რომ ენის კურსის დასრულების შემდეგ მათ დახვდებოდათ არჩეული პროგრამა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. პროგრამის გაუქმება ამ დაპირების ცალმხრივი დარღვევაა“, — აღნიშნულია პეტიციაში.

მიმართვის ავტორები ხაზს უსვამენ პროგრამის უნიკალურ პროფილს. მათი თქმით, ეს არის ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც მიზნობრივად ამზადებს ორენოვან კადრებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის.

პროგრამის მილევად რეჟიმში გადაყვანა, სტუდენტების შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიებს. გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ დგება თავად განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული „ბილინგვური სწავლების პროექტიც“, რომელიც დღეს უკვე 200-ზე მეტ სკოლას მოიცავს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი 50.4 წელს შეადგენს. ამ ფონზე, სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მასწავლებელთა მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამის გაუქმება პროფესიული კადრების დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„თსუ 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამებს; კურსდამთავრებულთა თითქმის 100% დასაქმებულია. 'ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის' პრინციპი ამ შემთხვევაში არ ირღვევა, რადგან ეს არის უნიკალური პროგრამა და მხოლოდ თსუ-ში ხორციელდება“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პეტიციის ავტორები სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ:

  • თსუ-ს მიეცეს მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაგრძელების უფლება, მისი 107-წლიანი მისიისა და უნიკალური რესურსის გათვალისწინებით.
  • ვადების გახანგრძლივება და ალტერნატივის მოძიება: მინიმუმ ერთი აკადემიური წლით გახანგრძლივდეს მიღება, რათა „1+4“ კურსზე მყოფმა სტუდენტებმა შეძლონ არჩეულ პროგრამაზე სწავლა. ამასთან, გადაიხედოს პროგრამის გაუქმებისა და მილევად რეჟიმში გადასვლის საკითხი პრობლემის ოპტიმალურად გადასაჭრელად.
  • გამოცხადდეს ყველა აუცილებელი კურსი ინდივიდუალური გეგმისა და მობილობის მქონე სტუდენტებისთვის, რათა მათ პროგრამის დასრულება შეძლონ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები