2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილები 3 000-ით მცირდება. ყველაზე დიდი დარტყმა ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტმა მიიღო.
აქ მისაღები კვოტა 92%-ით შემცირდა და 5 000-ის ნაცვლად, წელს
ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა მხოლოდ 300-მდე დავიდა. ამასთან,
უნივერსიტეტებში უქმდება არაერთი ფაკულტეტი და ისინი ვიწრო
სპეციალიზაციის პროფილებზე გადადიან.
რადიო „მარნეულთან“ საუბარში ახალგაზრდები აცხადებენ, რომ რეფორმებმა
მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა.
19 წლის ნაზრინ ტურაბოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ)
მოსამზადებელ კურსზე სწავლობს. მან ქვემო ბოლნისის მე-2 საჯარო სკოლა
დაამთავრა. 1-წლიანი მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ,
სწავლის გაგრძელებას სამედიცინო ფაკულტეტზე გეგმავს.
„განათლების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მაქვს, რადგან ეს
თემა ძალიან აქტუალურია და შეუძლებელია ამაზე არ გესმოდეს. მსგავსი
ცვლილებები ჩვენ, მოსამზადებელი კურსის სტუდენტებსა და მომავალ
აბიტურიენტებს, გარკვეულ სირთულეებს შეგვიქმნის. თსუ-ში ჩაბარება
იმიტომ ავირჩიე, რომ აქ მედიცინაზე მინდოდა სწავლა, ახლა კი
სამედიცინო ფაკულტეტი უქმდება და სად გავაგრძელებ სწავლას ან რას
ვიზამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ კანონმა ჩემს სამომავლო
გადაწყვეტილებებზე უარყოფითად იმოქმედა და ჯერჯერობით გაურკვეველია,
მომავალში რა იქნება. ასეთი ცვლილებებით ათასობით სტუდენტის ოცნება
დაიმსხვრა. მე ამ რეფორმებს სრულებით არ ვეთანხმები“, —
აღნიშნავს ნაზრინი.
ფიდან ასკეროვა აბიტურიენტია და ამბობს, რომ ახალი კანონის შესახებ
მასწავლებლებისგან და სოციალური ქსელებიდან შეიტყო. ის ამ ცვლილებებს
საგანგაშოდ მიიჩნევს.
„ამჟამად ორ პროფესიას — მედიცინასა და სამართალს შორის
ვყოყმანობ. დამიჯერებთ, იმ მომენტში პირველი რაც თავში გამიელვა, ის
იყო, თუ რა ბედი ეწეოდა ათასობით ახალგაზრდის ოცნებას. მინდა ავირჩიო
თსუ ან სამედიცინო უნივერსიტეტი. ეს კანონი ჩემთვის შემაშფოთებელი
აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ის უარყოფითად იმოქმედებს ჩემს სასურველ
უნივერსიტეტზეც. თუმცა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე ჩვენ რისი თქმა
შეგვიძლია?“, — ამბობს ფიდანი.
ფიდანის მსგავსად, ოზლემმაც ახალი კანონის შესახებ სოციალური
ქსელებიდან გაიგო. ოზლემ ოსმანოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუშევანში (დალარი) ცხოვრობს. ის 17
წლისაა და აბიტურიენტია. სწავლობს
სოფელ ჯავშანიანის (აბდალი) საჯარო სკოლაში. მომავალში სწავლის
გაგრძელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.
„
ვფიქრობ, სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,
პედაგოგიკის მიმართულებით გავაგრძელო. განათლების რეფორმის შესახებ
ინფორმაცია ახალი ამბებიდან და სოციალური ქსელებიდან მივიღე,
მოგვიანებით კი — განათლების მინისტრის მოადგილისა და
სტუდენტების/აბიტურიენტების შეხვედრიდან. შეხვედრაზე მინისტრის
მოადგილემ მოგვაწოდა ინფორმაცია განათლების რეფორმაზე და შემდეგ
აბიტურიენტებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ძირითადად, მან
ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფილების ხელახალ განსაზღვრაზე.
ითქვა, რომ თითოეულ ქალაქში არსებული უნივერსიტეტი კონკრეტულ
სპეციალობებზე ფოკუსირდება — ანუ ერთ ქალაქში მხოლოდ ერთი ფართო
პროფილის უნივერსიტეტი იქნება და ეს მოდელი განათლებისა და შრომის
ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობას უზრუნველყოფს.
უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური თავისუფლება იზღუდება.
განსაკუთრებით გულგატეხილი დავრჩი, როცა გავიგე, რომ წელს ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 300 სტუდენტი ჩაირიცხება. ამ
გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემს სამომავლო გეგმებზე და
ვფიქრობ, 300 სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან
ცოტაა“, — აღნიშნავს ოზლემი.
განათლების მინისტრის მოადგილე 20 თებერვალს რუსთავში ეთნიკურად
აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შეხვდა და განაცხადა, რომ „1+4“ პროგრამა
მოდერნიზდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია არანაირი დეტალი იმის შესახებ,
თუ რა გზებით გადაიჭრება სტუდენტების პრობლემები.
უკვე რამდენიმე კვირაა „ქართულმა ოცნებამ“, ზოგად და უმაღლეს
განათლებაში რიგი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო. ამ
ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში 12-წლიანი სწავლება 11-წლიანით
იცვლება, მე-12 კლასი კი ნებაყოფლობითი ხდება. საქართველოში მოქმედ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო
დაფარავს. კერძო უნივერსიტეტებში მოსწავლე სტუდენტებს კი სწავლის
ხარჯების დაფარვა თავად მოუწევთ.
გარდა ამისა, საგანმანათლებლო ცვლილებების მიხედვით, 2026-2027
სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღება და
დასაშვები სპეციალობების რაოდენობა მცირდება.
წარმოგიდგენთ იმ უნივერსიტეტების სიას, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ
და იმ ფაკულტეტებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში რჩება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ):
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გარდა)
სამართალი
ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:
საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
პედაგოგიკის პროგრამები და ABET-ის აკრედიტაციის მქონე STEM
(მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) სპეციალობები
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
აგრარული მიმართულებები
ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა და პედაგოგიკის სპეციალობები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
სამედიცინო სპეციალობები