ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „1+4“ პროგრამის მოქმედმა და
კურსდამთავრებულმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა
სტუდენტებმა პეტიცია შეიმუშავეს.
პეტიციის შექმნის მიზანია განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებების
მიმართ ყურადღების მიქცევა, კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
2026-2027 სასწავლო წლიდან მისაღები კვოტის 92%-ით შემცირების
საკითხზე.
ამ განცხადების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ბაირამ მამედოვია. ის
ამჟამად ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სწავლობს.
მისი თქმით, პეტიციას ამ დროისთვის 750-მა
ადამიანმა მოაწერა
ხელი.
„ეს კვოტები პირდაპირ აისახება 2025-2026 წლების
მოსამზადებელი კურსის სტუდენტებზე. მოსამზადებელი პროგრამის
დასრულების შემდეგ, ისინი ვერ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას მათ მიერ
არჩეულ უნივერსიტეტებში კვოტების შემცირების გამო. მაგალითად,
ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტები
ბაკალავრიატზე გადასვლისას ვერ აირჩევენ საერთაშორისო ურთიერთობებს ან
სამართალს. პროფესიების არჩევანი ვიწროვდება. პეტიციის შექმნის იდეა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს
ეკუთვნით და ის დადებითად მიიღეს. სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში
მოქმედმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა სტუდენტებმაც
დადებითად შეაფასეს ეს ნაბიჯი და პეტიციის გაზიარებით მხარდაჭერა
გამოხატეს. ამ პროცესში მშობლებიც არიან ჩართულნი და, სტატისტიკურად
რომ ვთქვათ, მათი რაოდენობა ხელმომწერთა საერთო რაოდენობის 9.8%-ს
შეადგენს“, - განაცხადა ბაირამ მამედოვმა.
ასევე, ბაირამი აღნიშნავს, რომ პეტიციაზე ხელმოწერის ბოლო ვადად
9 მარტი განისაზღვრა, რის შემდეგაც განცხადება
განათლების სამინისტროში გაიგზავნება.
განცხადება შედგენილია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
პეტიციაში წერია:
"ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების,
მშობლების, მასწავლებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების
განცხადება
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების, მშობლების,
მასწავლებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების
განცხადება
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი
სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების
წევრები, ვაცხადებთ, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმა და
1+4 პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის
ეთნიკური უმცირესობის ათასობით სტუდენტის განათლების
უფლებას.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების განათლების უფლების
დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის
უფლებათა პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ცნობილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო
უნივერსტეტში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩაირიცხა.
ეს სტუდენტები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფებიან და მომდევნო
წელს ბაკალავრიატის პირველ კურსზე უნდა ისწავლონ. თითოეული ამ
სტუდენტის სურვილია, იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს 1+4
პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჩაირიცხნენ
სხვა უნივერსიტეტებშიც, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს
სასწავლებლებში. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა შეეხება არა მხოლოდ
ერთ უნივერსიტეტს, არამედ ათასობით სტუდენტის მომავალს ქვეყნის
მასშტაბით.
ამასთან დაკავშირებით ჩნდება მნიშვნელოვანი
კითხვები:
• მომავალ წელს რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ეს
სტუდენტები სწავლას?
• როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი უფლებები და განათლების
შესაძლებლობები?
• რა გავლენას მოახდენს 1+4 პროგრამის შეკვეცა ან გაუქმება ამ
ახალგაზრდების მომავალზე?
1+4 პროგრამა მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების
ახალგაზრდებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას
უზრუნველსაყოფად. ამ პროგრამის შეკვეცა გაზრდის სოციალურ
უთანასწორობას და სერიოზულად დააზიანებს ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ მოვითხოვთ:
• 1+4 პროგრამის სრულად შენარჩუნებას;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და
დამოუკიდებლობის დაცვას;
• 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური
უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების
უზრუნველყოფას;
• სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას
გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• განათლების რეფორმების განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და
საზოგადოებრივი განხილვის საფუძველზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროსა
და შესაბამის უწყებებს გათვალისწინონ ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი სტუდენტების ინტერესები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ
დაგეგმილი დამაზიანებელი ცვლილებები."
ამავე თემაზე:
„გადაწყვეტილება ათასობით სტუდენტის ოცნებას ანადგურებს“ —
ახალგაზრდების მოსაზრებები განათლების რეფორმაზე