სოციალური სამართლიანობის ცენტრი: განათლების რეფორმა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს განათლებაზე წვდომას მკვეთრად აუარესებს
2025 წლის ოქტომბერში დაწყებული განათლების სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება, ეთნიკური უმცირესობებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) კვლევის თანახმად, ცვლილებები აკადემიური სფეროს ჩართულობის გარეშე, ნაჩქარევად განხორციელდა და პრაქტიკულად უგულებელყოფს ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკურ საჭიროებებს.

დარტყმა 1+4 პროგრამასა და უნივერსიტეტებზე

საქართველოში 2009 წლიდან წარმატებით მოქმედებს 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც ყოველწლიურად 1,500-მდე

არაქართულენოვანი აბიტურიენტი ირიცხება. პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ქართული ენის შესწავლის მთავარი ინსტრუმენტია.

თუმცა, რეფორმის ფარგლებში პროგრამების გაუქმება ან სხვა ქალაქებში გადატანა მძიმე მდგომარეობაში აგდებს სტუდენტებს. განსაკუთრებით ზარალდება ორი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (სადაც 1+4 პროგრამის სტუდენტების 20% სწავლობდა) მისაღები ადგილების რაოდენობას 4,207-დან 300-მდე ამცირებს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 2026-2027 სასწავლო წლიდან მხოლოდ პედაგოგიური, აგრონომიული და ვეტერინარული მიმართულებები რჩება.

ფინანსური ბარიერები და რისკები გოგონებისთვის

ისტორიულად, ეთნიკური უმცირესობის აბიტურიენტთა 97% არჩევანს თბილისსა და სამცხე-ჯავახეთზე აკეთებდა. თბილისში დასაქმების შესაძლებლობა ან სამცხე-ჯავახეთში საცხოვრებელთან სიახლოვე მათთვის უმაღლესი განათლების მიღების ფინანსურ ტვირთს ამსუბუქებდა.

ფაკულტეტების სხვა ქალაქებში (მაგალითად, ქუთაისში) გადატანა სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს არჩევანის წინაშე აყენებს — უარი თქვან სასურველ პროფესიაზე ან საერთოდ უმაღლეს განათლებაზე.

კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სტუდენტ გოგონებზე:

„ტერიტორიული სიშორე და საცხოვრებლის ქირაობის საჭიროება ზრდის როგორც ფინანსურ, ასევე კულტურულ და სოციალური კონტროლის რისკებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გოგონებისთვის უმაღლეს განათლებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება.“

მულტილინგვური პროგრამის გაუქმება

კიდევ ერთი საგანგაშო გადაწყვეტილება თსუ-ში მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი, ინტეგრირებული პროგრამის მილევად რეჟიმში გადაყვანაა (2030 წლამდე). ეს ერთადერთი პროგრამაა, რომელიც მიზნობრივად ამზადებს ორენოვან კადრებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის. მისი გაუქმება პირდაპირ ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიას და კიდევ უფრო გააღრმავებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს რეგიონებში.


სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილებები ინტეგრაციის პოლიტიკას ასუსტებს:

„ფორმალურად ნეიტრალური ცვლილებები, რომლებიც პრაქტიკაში არაპროპორციულად აზარალებს კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, შეიძლება შეფასდეს როგორც არაპირდაპირი დისკრიმინაციის რისკის შემცველი. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს გარდამავალი მექანიზმები და სოციალური გარანტიები, რომლებიც რეალურად შეინარჩუნებს განათლებაზე თანაბარ წვდომას.“

ვრცლად ორგანიზაციის ანგარიშსა და კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები