რა გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური უმცირესობის სტუდენტები უნივერსიტეტებში - კვლევა
რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩასული ეთნიკური უმცირესობებისათვის ენობრივი ბარიერი კვლავ ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება. საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრისა და V-Dem კავკასიის რეგიონალური ცენტრის კვლევის, „რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების აკადემიური და სოციალური ინტეგრაცია; იდენტობის საკითხები“, მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს პრობლემები ექმნებათ ლექციების მოსმენისას და უჭირთ რთული ტერმინების გაგება და დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, რის გამოც სტუდენტები თავს არიდებენ

დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

“მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებს სწავლის მიტოვების გადაწყვეტილების განზრახვა არ აქვთ, ექსპერტების შეფასებით, სწავლის მიტოვების შემთხვევები მაღალია. ლექტორების დაკვირვებით, ზოგჯერ იძულებულნი ხდებიან ეძებონ „უსაფრთხო გარემო“ და შეიცვალონ პროგრამა ან გადავიდნენ სასწავლებელში, სადაც უფრო „მარტივად ისწავლიან“. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევის მიხედვით, ექსპერტების აზრით, ენის ცოდნის დეფიციტი უნივერსიტეტამდე იწყება: სასკოლო დონის გამოწვევები განსაზღვრავს სტუდენტის შესაძლებლობებს. კვლევაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სკოლებში ქართული ენის მასწავლებლები ხშირად თავადაც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. სახელმძღვანელოები ასახავს სომხეთის ან აზერბაიჯანის დროშებს. ქართული ისტორიის წიგნები კი ეთნიკურ უმცირესობებს საერთოდ არ ახსენებს, რის გამოც სტუდენტები “საკუთარ როლს ვერ ხედავენ”.

“სტუდენტები ზოგჯერ მშობლიურ ენაზეც ვერ მეტყველებენ გამართულად. გამოწვევა კრიტიკული აზროვნებისა და ტექსტის გააზრების საბაზისო უნარების დეფიციტია. კომპაქტულ დასახლებებში არაქართულენოვანი გარემოა - სკოლა ქართულის ენის ერთადერთი სივრცეა. სახლი, სოციალური წრე და მედია მთლიანად არაქართულენოვანია”. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევაში აღნიშნულია ექსპერტთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რატომ არის ენის სწავლის მოტივაციის ნაკლებობა სტუდენტებში. ექსპერტების აზრით, ენის სწავლის მოტივაციის ნაკლებობას სტრუქტურული სოციალური მიზეზები უდევს საფუძვლად.

“რეგიონებში საჯარო სამსახურებში კადრები კომპეტენციით არ მიიღება, არამედ“კლანური მმართველობით”, “ვიღაცის ნათესაობით” . ამ დაკვირვებამ თემში განათლების მიღების მოტივაცია დაწია.
კერძო სექტორშიც გვარზე დაყრდნობით ირჩევენ კადრებს. ბილინგური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაგისტრი — სტაჟირებაზეც კი არ აიყვანა შერიგების სამინისტრომ. “სახელმწიფო ინტეგრირებული კადრების დაკარგვას ვახდენთ”.
- აღნიშნულია კვლევაში

ახალგაზრდობის და სოციალური კვლევების ცენტრის კვლევა “რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების აკადემიური და სოციალური ინტეგრაცია; იდენტობის საკითხები” 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევის ავტორები არიან ნინო მჟავანაძე, ქართლოს ქარუმიძე და რევაზ ჩარკვიანი.

რადიო “მარნეული”


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები