ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სოციალიზაციის პრობლემები დედაქალაქში
“კვლევა ავლენს აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან მულტიკულტურულ ჯგუფებთან მუშაობის უნარის დეფიციტს. ეს გამოიხატება აგრესიებში, არაეთიკურ და პირდაპირ სეგრეგაციულ განცხადებებში”. - აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების აკადემიური და სოციალური ინტეგრაციის კვლევაში. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სეგრეგაციას ხელს უწყობს სახელმწიფო ფაქტორებიც, მათ შორის პროფესიული ეთიკის დარღვევა უმაღლეს სასწავლებლებში, გენდერული ნიშნით დაყოფა და ენობრივი სტიგმატიზაცია ყოველდღიურობაში.

კვლევის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ,

რომ გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება მათი აკადემიური შესაძლებლობები გენდერული ნიშნით, რაც გამოიხარება გაცვლით პროგრამებში მათი კანდიდატურის ნაკლებად განხილვით, რაც ადმინისტრაციის სტერეოტიპულ მოლოდინზეა დაფუძნებული, რომ ქალი სტუდენტები კონკრეტული რეგიონებიდან სწავლას ოჯახის შექმნის გამო შეწყვეტენ.

რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩასული სტუდენტები ასევე აწყდებიან პრობლემას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. საზოგადოებრივ სივრცეებში და ტრანსპორტში ქართული ენის არასრულფასოვანი ფლობის ან მშობლიურ ენაზე საუბრის გამო მათ მიმართ ვერბალური კრიტიკა ვლინდება.

„ავტობუსში ვლაპარაკობდით სომხურად და თქვა რატომ, საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა ქართულად ვილაპარაკოთ.“ - კაცი, სომხური წარმოშობის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

კვლევის მონაწილე ლექტორის დაკვირვებით, ლექციებზე ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას ჯგუფების კომპოზიციის შედგენა უმეტესწილად თავად სტუდენტებზეა დამოკიდებული, რაც საბოლოო ჯამში ჯგუფების ეთნიკური მახასიათებლის მიხედვით დაყოფას იწვევს. შედეგად ქართულენოვან სტუდენტებთან კომუნიკაცია შესაძლებელზე ნაკლებია.

"უფრო თავიანთი ენის წარმომადგენლებთან არიან კომუნიკაციაში, ვიდრე ჩვენთან… ალბათ, მათ წარმომადგენლებთან უფრო ურჩევნიათ კომუნიკაცია, ვიდრე ჩვენთან” - აღნიშნავს კვლევის მონაწილე ეთნიკურად ქართველი სტუდენტი ქალი.

კვლევის მიხედვით, ეთნიკურად ქართველი სტუდენტები უფრო ახერხებენ სოციალიზაციას, ვიდრე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.

„ ქართველები შესვენებებზე და რაღაცეებზეც უფრო მეტად აქტიურად, ჩავლენ ქვემოთ, ყავას დალევენ, რაღაცას გააკეთებენ. ეთნიკური უმცირესობები უფრო სხედან ხოლმე შესვენებაზე, შიგნით, ელოდებიან ხოლმე.“ - აღნიშნავს კერძო უნივერსიტეტის ლექტორი

საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრისა და V-Dem კავკასიის რეგიონალური ცენტრის კვლევა, „რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების აკადემიური და სოციალური ინტეგრაცია; იდენტობის საკითხები“ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევის ავტორები არიან ნინო მჟავანაძე, ქართლოს ქარუმიძე და რევაზ ჩარკვიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები