ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ მარნეულში, ტრადიციულმა შიიტურმა
სამგლოვიარო მსვლელობამ - თასუამ, ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და
სამოქალაქო სექტორში მწვავე დისკუსია და ურთიერთბრალდებები გამოიწვია.
დაპირისპირების მთავარი საგანი რეგიონში ირანის იდეოლოგიური გავლენები
და ადგილობრივი უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაა.
ბოლო პერიოდში მარნეულის იმამ ალის მეჩეთი არაერთხელ მოხვდა მედიის
ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ
ირანზე განხორციელებული შეტევებისას
მოკლული აიათოლა ხამენეის სულის
მოსახსენიებელი ლოცვების დროს მეჩეთებში მისი ფოტოები გამოფინეს.
მიუხედავად იმისა, რომ წელს მსვლელობაზე ხამენეის დიდი პორტრეტები ან
დასავლელი ლიდერების საწინააღმდეგო რადიკალური ბანერები აღარ
გამოჩენილა და სიმბოლიკა მხოლოდ ცალკეული მონაწილეების მაისურებზე
შეინიშნებოდა, რელიგიურმა რიტუალმა მაინც მწვავე პოლიტიკური
შეფასებები დაიმსახურა.
რას ამბობს სასულიერო პირი?
მარნეულის იმამ ალის მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევი მიიჩნევს, რომ
რელიგიური ცერემონიების ირგვლივ ატეხილი ხმაური ხელოვნურია და
კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება:
„რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები საკუთარ ბინძურ
მიზნებს არ უნდა დაუკავშირონ, ისინი ამ საქმეში წარმატებას ვერ
მიაღწევენ. ეს ჩვენი სკოლა, ჩვენი აშურა, ჩვენი თასუა წლებია
სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა რეგიონში აღინიშნება; საბჭოთა
პერიოდშიც კი ჩვენს პაპებს ეს შეკრებები არ მიუტოვებიათ. ჩვენ ნუ
მიგვაკუთვნებენ ნურცერთ მხარეს [ქვეყანას]. ჰუსეინ იბნ ალი არცერთ ერს
არ ეკუთვნის. ჰუსეინ იბნ ალი მთელ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე
ადამიანების იმამია, მათი რელიგიის, ენისა და მრწამსის
მიუხედავად“.
სასულიერო პირმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ შიიტური
თემისთვის ეს რიტუალი არა გარე პოლიტიკური პროცესების, არამედ
ჩაგრულთა სოლიდარობის სიმბოლოა:
„ეს არის ჩვენი რელიგიის, ამ სკოლის, იმამ ჰუსეინის (მშვიდობა
მასზე) სკოლის მთავარი დევიზი. ჩაგრულს არც რელიგია აქვს, არც ენა,
არც ფერი და არც ეროვნება. ჩაგრული, ჩაგრულია. ეს სკოლა სადაც კი
ჩაგრულს დაინახავს, იქ დადგება და თავის სათქმელს იტყვის... ჩვენ ამ
ქვეყნის მოქალაქეები ვართ, საქართველო ჩვენი სამშობლოა. ჩვენ ამ
ქვეყნისთვის, თუ საჭირო გახდა, სიცოცხლესაც და ქონებასაც დავთმობთ.
ჩვენც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ“.
ჰაჯიევმა ასევე უპასუხა მათ, ვინც ადგილობრივ მორწმუნეებს გარე
ძალების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს:
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი რეალურად თავად წარმოადგენს
საფრთხეს ერებისთვის, ადამიანებისთვის, ქვეყნებისთვის, თუმცა
ცდილობენ, რომ ეს ნამდვილი საფრთხე გვერდზე გადადონ, დაესხან თავს იმ
სკოლას, რომელიც საფრთხეს არ შეიცავს, და ეს მშვიდობიანი ხალხი,
ეჰლი-ბეითის სკოლა, ვინმესთან [სხვა ქვეყანასთან] დააკავშირონ და მათ
პირისპირ დააყენონ. ჩვენ ამ გზას არასდროს დავადგებით და ჩვენი ხალხი
არის ჭკვიანი, შეგნებული, თავისი სახელმწიფოს, ერისა და ქვეყნის
ყოველთვის ერთგული“.
ოპოზიციის
კრიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების რისკები
სრულიად განსხვავებულია ოპოზიციური პარტია „დროას“ პოზიცია, სადაც
მიიჩნევენ, რომ რეგიონში ირანის ტერორისტული რეჟიმის იდეოლოგიური
გავლენა საგანგაშო ნიშნულს აღწევს და ამას მმართველი გუნდი შეგნებულად
უწყობს ხელს. პარტიის განცხადებით, მარნეულსა და გარდაბანში მიმდინარე
პროცესების უკან „
საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის
ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და
რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს“.
„მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის,
არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის
ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში,
წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის,
სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ირანის მზარდი გავლენა საქართველოში,
გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს
სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან... გამოსავალი მხოლოდ „ქართული
ოცნების“ რეჟიმის ცვლილებაშია“, - აცხადებენ პარტია
„დროაში“.
იდეოლოგიური გავლენა თუ
სახელმწიფოებრივი მიტოვებულობა?
სამოქალაქო აქტივისტები რეგიონში გარე სიმბოლიკის გამოყენებას
პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა აქცენტს თავად რიტუალის არსზე აკეთებენ.
აქტივისტ სამირა ბაირამოვას თქმით,
„აშურა პირველ რიგში
დაკავშირებულია უშუალოდ იმამ ჰუსეინის მსხვერპლთან და იმ
ღირებულებებთან, რაც ამ მოვლენას უკავშირდება - სამართლიანობა და
წინააღმდეგობა უსამართლობისადმი“. თუმცა, ის დასძენს, რომ
მარნეულში გამართულ ღონისძიებას აქვს იდეოლოგიური ან ირანული გავლენა,
რის გამოც
„ხომეინის სურათი არის, არადა არ უნდა
იყოს“.

უფლებადამცველი და ადვოკატი აიჰან ჰასანლი კი მიიჩნევს, რომ
პოლიტიკური კლასის გააქტიურება მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს
„ჩვეულებრივი პოლიტიკური ფარისევლობაა“, მაშინ როცა რეგიონის რეალური
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წლებია უყურადღებოდ რჩება:
„როცა მარნეულში ფერმერები პროდუქტის გაყიდვას აპროტესტებდნენ
— სიჩუმე. როცა ბოლნისში გარემოს ანადგურებდნენ — სიჩუმე... მაგრამ
საკმარისია შიიტური რელიგიური რიტუალი გამოჩნდეს და უცებ მთელი
პოლიტიკური კლასი და ფეისბუქ-„ექსპერტები“ ეროვნული უსაფრთხოების
სპეციალისტებად გადაიქცევიან... სად იყავით მეგობრებო, როდესაც
სისტემურ ჩაგვრაზე საუბრობდნენ? წლებია ეთნიკური უმცირესობების
პრობლემები არავის აინტერესებს, რადგან იქ პოლიტიკური ქულების დაწერა
რთულია“.
ჰასანლი ხაზს უსვამს, რომ ვაკუუმს, რომელსაც სახელმწიფო ტოვებს,
ბუნებრივად სხვა ძალები ავსებენ:
„თუ დღეს ვინმე საუბრობს ირანის გავლენაზე ქვემო ქართლში, ეს
გავლენა ციდან არ ჩამოვარდნილა და ხალხს არ შეუქმნია. ეს არის
ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული რეგიონების, უყურადღებობის და
სახელმწიფოს არყოფნის შედეგი. როცა სახელმწიფო მხოლოდ არჩევნების დროს
ახსენდება რეგიონი, როცა ადამიანებს არ აქვთ ხარისხიანი განათლება,
ეკონომიკური პერსპექტივა და მუდმივად გრძნობენ, რომ მეორეხარისხოვან
მოქალაქეებად აღიქვამენ — ბუნებრივია, ვაკუუმს სხვა ძალები ავსებენ...
„შაჰსეი-ვაჰსეის“ რიტუალის ტერორიზმთან გაიგივება არა მარტო
უცოდინრობაა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული დაპირისპირების
მცდელობა“.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ კრიტიკა უცხო ქვეყნის ლიდერების
პლაკატების გამოყენებასა და ბავშვების ჩართულობაზე ლეგიტიმურია, თუმცა
„განსხვავებაა კრიტიკასა და ისტერიკას შორის“, რადგან მოქალაქეების
ირანის აგენტებად წარმოჩენა უსაფრთხოების ნაცვლად მხოლოდ გაუცხოებასა
და საზოგადოებრივ დაპირისპირებას ქმნის.