დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საბავშვო ბაღისთვის წყლის
მიწოდების უზრუნველსაყოფად ადგილობრივმა
თვითმმართველობამ სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო
ღირებულება 56,144.00 ლარს შეადგენს და ის 100%-ით ადგილობრივი
ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტ
კომპანიას ფაქტობრივად უნდა ჰქონდეს შესრულებული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, რომელთა ჯამური
ღირებულებაც არანაკლებ 149,717 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის
მიხედვით,
პროექტი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავს:
ტრანშეის გაჭრა, თხრილის ხელით დამუშავება, მილსადენის ქვეშ
და ზევით ქვიშის ფენის მოწყობა, ტრანშეის შევსება ბალასტით და ზედმეტი
გრუნტის გატანა;
700 მეტრი სიგრძის პოლიეთილენის მილის (D75 მმ) ჩაწყობა, შესაბამისი
ფუზერული ქუროებისა და მუხლების მონტაჟი, სოლისებრი ურდულებისა და
მილტუჩების მოწყობა;
ელექტრომომარაგება და ტექნოლოგიური ნაწილი: ტრანშეაში 30 კვტ
სიმძლავრის სპილენძის 5-წვერიანი ელექტროკაბელის ჩადება (700 მეტრი),
ჭაბურღილის ტუმბოს (10 კვტ სიმძლავრის, მშრალი სვლის გათიშვით) და
სამართავი კარადის მონტაჟი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან შესაბამის ვადებში, ტექნიკური დავალებისა და
სტანდარტების სრული დაცვით უნდა შეასრულოს.