საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
გადაწყვეტილებით,
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების
ამოქმედების ვადამ 2027–2028 სასწავლო წლის დასაწყისამდე
გადაიწია.
თავდაპირველი გეგმით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი
ანაზღაურება იმ პედაგოგებს უნდა მიეღოთ, რომელთაც შესაბამისი საგნისა
თუ საფეხურის სწავლების კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ. უწყების
განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი მასწავლებლის
კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა
იყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პედაგოგთა
მხარდაჭერასა და
სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობას ისახავს მიზნად:
„მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა
საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება
2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.“
გარდამავალ პერიოდში სამინისტრო პედაგოგებს დამატებით დამხმარე
მექანიზმებს სთავაზობს. კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა
მასწავლებლებს წელიწადში ორჯერ — როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში
ექნებათ. ამასთან, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე
მათთვის უსასყიდლოდ ჩატარდება ინტენსიური საგნობრივი მომზადების
კურსები.
სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი პრიორიტეტი თითოეული
მასწავლებლის შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
მხარდაჭერაა:
„მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი
კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს - შესაძლებლობა,
მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში
არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი.“
სამინისტრო მოუწოდებს პედაგოგებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი
და ისარგებლონ შეთავაზებული ტრენინგებით. პარალელურად, უწყება
აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და
მართვის ერთიან, გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც არსებული
საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტის მართვას
უზრუნველყოფს.