განათლების სამინისტრომ 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია,
რომ ცვლილებები შევიდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების წესში.
უწყების ცნობით, მიიღეს გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის
1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.
„კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს
სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ
სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს —
სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო
ტერიტორიაზე.
თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის
ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც
დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ
მასწავლებლად“, – აცხადებს სამინისტრო.
გარდა ამისა, სამინისტრო ამბობს, რომ
2027 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდება „გარდამავალი პერიოდი“ საკითხზე, რომლის მიხედვითაც ხდება
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით
დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის
შევსება.
„განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს,
რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ
მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და
საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით
მიეცემათ“, – ამბობს სამინისტრო.