წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის შენობის
სარეაბილიტაციო
სამუშაოების შესყიდვაზე 454 914 ლარის ღირებულების ელექტრონული
ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი 100 პროცენტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტი
სკოლის სამსართულიანი შენობის შიდა სივრცის ნაწილობრივ რეაბილიტაციას
ითვალისწინებს.
სამუშაოების ფარგლებში საკლასო ოთახებში ჩამოიყრება დეფექტური
ნალესი და გასუფთავდება არსებული საღებავი, რის შემდეგაც კედლები
ხელახლა შეიქება და მიუნხენის დეკორატიული ლესვით დამუშავდება. გარდა
ამისა, ოთახებში დაეგება 12-მილიმეტრიანი, მაღალი ხარისხის
ლამინირებული იატაკი, მოეწყობა 800 კვადრატულ მეტრამდე ნესტგამძლე
თაბაშირ-მუყაოს ჭერი, ხოლო სველ წერტილებში წყალგაყვანილობის ახალი
შიდა ქსელი გაიყვანება.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია შენობის ელექტროსისტემის სრული
განახლება. ძველი გაყვანილობა შეიცვლება თანამედროვე, ცეცხლგამძლე და
რთულად აალებადი კაბელებითა და გოფრირებული მილებით. სატენდერო
პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ყველა აღნიშნული სამუშაო
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა
დაასრულოს.