ბაქრაძე ეთნიკურ უმცირესობებს კვოტებში ჩასმას ჰპირდება
„ ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

სიტყვით გამოსვლის დროს ის ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ პრეზდენტად გახდომის შემთხვევაში საპრეზიდენტო ფონდიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზღვარგარეთ განათლების მიღებისათვის კვოტები იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება კვოტირების სისტემა, რათა უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ იქ უშაობის ან სტაჟირების გავლის საშუალება.

„ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არაქართულენოვან ახალგაზრდებს ჰქონდეთ ამ თანხით გარანტირებული დაფინანსება. როგორ, რა დოზით და რანაირად ეს ყველაფერი გვინდა, რომ სწორედ ახალგაზრდებთან ერთად გადავწყვიტოთ და მათ შორის ამიტომაც გავმართეთ ეს დღევანდელი შეხვედრა.“ - გვითხრა დავით ბაქრაძემ

დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის განათლების მინისტრი იქნებოდა და უნივერსიტეტში ჩასარიცხად არჩევანი ერთ თბილისელ და ერთ მარნეულელ ახალგაზრდას შორის უნდა გაეკეთებინა, ის მარნეულელ ახალგაზრდას აირჩევდა.

რადიო „მარნეულის“ კითხაზე, არის თუ არა მისი განცხადება პოზიტიური დისკრიმინაცია ბაქრაძემ გვიპასუხა, რომ ის თბილისელ ახალგაზრდებს არ ერჩის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისათვის ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია.

„მე მიმაჩნია, რომ ასეთი პოზიტიური დისკრიმინაცია, თუ ეს პოზიტიური დისკრიმინაციაა, საჭიროა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავლის პერსპექტივა ჰქონდეს ყველას და არა მხოლოდ იმ ახალგაზრდას რომელსაც არააქვს ენის პრობლემა ან შედარებით ნაკლებადააქვს ფინანსების გადახდის პრობლემა.“ - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი

პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნული განცხადება ახალგაზრდების კითხვის შემდეგ გააკეთა, რომელიც მათ უნივერსიტეტს გარეთ დარჩენას შეეხებოდა.

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა აბიტურიენტებმა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულების მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ უკმაყოფილება გამოთქვეს და პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისს მიმართეს. პარტიის წევრმა ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ასეთი სტუდენტების რაოდენობა ქვემო ქართლის მასშტაბით 482-ია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები