მიხეილ ბატიაშვილი - საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართული სკოლებთან, შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც დღეს სწავლა განახლდა, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

მინისტრს თქმით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები