„მარნეულის ეტალონი მოსწავლე" მე-8 კლასელი აისელ ახმედოვა გახდა
„მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე აისელ ახმედოვა გახდა. მან 77 ქულა დააგროვა და 85 მოსწავლეს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.



მოგებით გახარებულმა აისელმა ჩვენთან საუბრისას მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ ის ძალიან გახარებულია. შემდეგ კი მისი ქართული ენის მასწავლებელმა ინეზა ქველაძემ გვიამბო თუ როგორი მოსწავლეა აისელი.

„ნამდვილად ველოდი ამ შედეგს იმიტომ, რომ სკოლაში პირველი კლასიდან მისი პედაგოგი ვარ და ვიცი აისელის შესაძლებლობები. როდესაც აქ მოვდიოდი ვფიქრობდი თუ როგორ ავიდოდა აისელი სცენაზე და მისცემდნენ პირველ ადგილს“ - ამბობს ინეზა ქველაძე

ინეზა ქველაძის თქმით, მას ძალიან უხარია, რომ მისი, როგორც მასწავლებლის შრომა მოსწავლეების წარმატებით დაფასდა.
დღეს, 8 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ტური გაიმართა. პირველი ტურში მონაწილეობა მარნეულის მასშტაბით 74 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათგან საუკეთესო 85-მა მოსწავლემ კი მეორე ტურში დღეს ითამაშა.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი სულ უფრო პოპულარული ხდება და ნაზრდი სხვადახსვა მუნიციპალიტეტებში, პირველ ტურში მონაწილეებისა, არის 15-დან 20%-მდე. მარნეულშ აღმოჩნდა 20%-ით მეტი. მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობა მეორე ტურში სწორედ მარნეულშია“ - გვითხრა „ეტალონის“ იდეის ავტორმა და წამყვანმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს გამარჯვებული მოსწავლე 15 ივნისს თბილისში რუსთაველის გამძირზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ აისელს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მთელი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტია.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი მოსწავლეების შემდგომი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, რათა ისინი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ.“ - გვითხრა ზაურ ტაბატაძემ

პროექტი „ეტალონი“ უკვე 13 წელია, მთელის საქრთველოს მასშტაბით ხორციელდება. მას მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს მე-8 კლასიდან ზემოთ.



რადიო „მარნეული“

Print