1+4 პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გავლა 500-მდე ახალგაზრდას შეეძლება
1+4 პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სტაჟირების პროგრამა გამოაცხადა. პროგრამის მეშვეობით ის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტები, რომლებიც 1+4 პროგრამით სწავლობენ სამთავრობო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

ფაგან აბასოვმა 3 თვიანი სტაჟირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატში უკვე გაიარა. ამბობს, რომ სტაჟირების დახმარებით ბევრი ცოდნა მიიღო.

„ადრე არ მქონდა შეხება მათი საქმიანობის პრონციპებზე. იქ ძირითადად 2 მიმართულებით მუშაობენ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტების. მე, პრინციპში, ორივე მიმართულებით ვიყავი დაინტერესებული და ვისწავლე მათი საქმიანობის პრინციპები.“ - ამბობს ფაგან აბასოვი

ფაგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია, ამბობს, რომ სტაჟირების გავლისას მისი მიზანი მუშაობის დაწყება არ იყო და მას მხოლოდ გამოცდილების მიღება უნდაოდა. როგორც ფაგანი ამბობს, სტაჟირების პროგრამა მოეწონა, რის გამოც მასში მონაწილეობის მიღებას კიდევ ერთხელ აპირებს.

„მეორე ნაკადშიც ვიღებ მონაწილეობას, დიდი ალბათობით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში დავიწყებ სტაჟირებას ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე.“ - გვითხრა ფაგან აბასოვმა

ფაგანის მსგავსად, სტაჟირების გავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თოზუ გულმამედოვაც აპირებდა. როგორც თავად ამბობს, პროგრამა კარგი იქნებოდა მისი განვითარებისათვის, რადგან სახელმწიფო უწყებებში მუშაობის დასაწყებად ყველა ორგანო გამოცდილებასა და სტაჟს ითხოვს, მაგრამ თოზუმ მეგობრების რჩევის შემდგომ სტაჟირების გავლა გადაიფიქრა.

„რაც გავიგე ჩემი მეგობრებისაგან, ვინც სტაჟირება გაიარა, მეუბნებოდნენ, რომ არაეფექტური იყო, რომ რეალურად ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში, ანუ არ ვიცოდით რა ხდებოდა უწყებებში, და უბრალოდ დავდიოდითო. სწორედ ამის გამო მოტივაციაც დავკარგე და გადავიფიქრე სტაჟირების გავლა“ - თოზუ ასევე აღნიშნავს, რომ სტაჟირების გავლის შემდგომ მისი მეგობრები სხვადასხვა უწყებებში ვერ დასაქმდნენ და მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი გახდა, რადგან სტაჟირების გავლის შემთხვევაში სამსახურისათვის თავის დანებებაც მოუწევდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა თქვა, სტაჟირების პროგრამის მიზანს დასაქმება არ წარმოადგენს. პროგრამის ძირითადი ამოცანა ახალგაზრდებში სხვადასხვა პრაქტიკული უნარების განვითარება და ამავე დროს დამსაქმებლებისათვის არსებული რესურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

„ცალსახხად იმის თქმა, რომ რადგან სტაჟირება გავიარე მინც და მაინც უნდა დავსაქმდე, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, მაგრამ თუ სტაჟირება გაიარე და პროფესიული უნდარები მაღალ დონეზე შეიძინე მეტი გაქვს მზაობა, რომ გაიმარჯვო სხვადასხვა კონკურსებში და დამსაქმებლის მოთხოვნები უკეთ დააკმაყოფილო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პერსპექტივა დასაქმებისთვის და ეს ვერ იქნება გარანტია დასაქმებისთვის.“ - ამბობს ლია გიგაური

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თვლის, რომ პროგრამა წარმატებული და მოთხოვნადია, მაგრამ მასში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

„ვიცით, რომ არის ზოგჯერ უწყებებში ცოტა ინდიფერენტული განწყობა, ინფორმირებულია ხელმძღვანელი და არ არის კონკრრეტული პირი ვისთანაც მიმაგრებულია სტაჟიორი და ასევე, სტაჟიორების მხრიდანაც ზოგჯერ ხდება პროგრამის მიტოვება და ზოგჯერ პირიქით, მათი უყურადღებობის გამო მათი დამსაქმებელი, ანუ თვითონ მიმღები ორგანიზაცია გამოთქვამს ხოლმე პრეტენზიებს.“ - გვითხრა ლია გიგაურმა და აღნიშნა, რომ სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უწყებაში უკვე იციან თუ სადაა საჭირო პროგრამის გააძლიერება და როელი მიმართულების მონიტორინგია აუცილებელი.

1+4 პროგრამის ფარგლებში 500-მდე სტუდენტსა და კურსდამთავრებულს, 1-დან 6 თვემდე, სტაჟირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. სტაჟრების გავლის მსურველებს სახელმწიფო უწყებების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალისა და განაცხადის ფორმის ხილვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე smr.gov.ge შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები