სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხილვა დაიწყო

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა  სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრების გამართვა დაიწყო.
„სახელმწიფო ენის შესახებ  საქართველოს ორგანული კანონი“ სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს შეიმუშაოს სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამა , რომელიც შემდგომ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

„ეს არის ერთგვარი სტრატეგია, სამოქმედო გეგმის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც ენას უკავშირდება და ზოგადად ენის პოლიტიკის დაგეგმარების სახე ექნება. ეს პროგრამის საწყისი ეტაპია და სიტუაციური ანალიზი კეთდება. შექმნილია დოკუმენტი, რაც დეპარტამენტის აზრით, ყველა საკითხის მომცველია და შესაბამის სეგმენტებთან ხდება შეხვედრა, რომ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები გაგვიზიარონ. ნელ-ნელა დაიწყება სამოქმედო გეგმის დაწერა და დოკუმენტის გაშლა.“ - გვითხრეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტში.

ერთ-ერთი შეხვედრა  გუშინ, 5 ივნისს,  სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან გაიმართა, საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი  მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანია.   

„ჩვენ ყველამ ვიცით , თუ როგორი პრობლემატური არის სახელმწიფო ენასთან დკავშირებული საკითხი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების ენების საკითხი  და ამ ენების დაცვა, განვითარება და შესწავლა“. - გვითხრა კობა ჩოფლიანმა

ჩოფლიანის თქმით, მას ძირითადი კითხვები სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ჰქონდა იმაზე, თუ რა მექანიზმები იარსებებს იმისათვის, რომ  არსებული სიკეთეები „მოქმედებაში იყოს მოყვანილი და არ დარჩეს მხოლოდ ლამაზ და კარგ დოკუმენტად“.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ცნობით ,  სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამაში ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვის მიმართულება,  ენის ნორმალიზაცია, სტანდარტიზაცია, საქართველოში გავრცელებული ენების დაცვა, შესწავლა, დოკუმენტირება, პოპულარიზაცია, სახელმწიფო ენების სწავლება, მშობლიური ენა, როგორც უცხოური ენა, როგორც მეორე ენა და ა.შ.  ეს ჩამონათვალი მხოლოდ პირვანდელ სახეს იძლევა და მისი ფორმულირება გამორიცხული არ არის. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ სამოქმედო გეგმა მომავალ წელს დამტკიცდება.

გარეკანის ფოტო აღებულია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრ, იზაბელა ოსიპოვას ფეისბუქ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები