სოფელ საიმერლოს 140-მდე აღსაზრდელი დღეს ბაღში ვერ წავიდა
სოფელ საიმერლოს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. ამის მიუხედავად, 140-მდე აღსაზრდელი, დღეს, 16 სექტემბერს სახლში დარჩა. მიზეზი იმ ტენდერის ჩაშლა გახდა, რომლითაც მუნიციპალიტეტს საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, ელეტროქურები და სხვა საჭირო ნივთები უნდა შეეძინა. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, დროის მოგების მიზნით, „გადაუდებელი გააკეთეს“. შენობაში საჭირო ინვენტარის განლაგებაა საჭირო. ვარაუდობს, რომ ბაღს პირველი ოქტომბრისთვის გახსნიან.

„ყველა ნაბიჯები უკვე გადადგმულა, მხოლოდ ნივთების მოტანა დარჩა. კიდევ ჟალუზებია გასაკეთებელი და ვფიქრობ, პირველ ოქტომბრამდე მოესწრება“ - თქვა ზაურ ქარამოვმა.

არსებული ვითარებით შეწუხებული არიან მშობლები. ისინი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ მათთვს მოულოდნეი იყო ბაღში სასწავლო პროცსის გადავადება. სხვა სოფელში ბავშვებს ვეღარ დაარეგისტრირებენ და არც იმაში არიან დარწმუნებულები, რომ სწავლა ოქტომბერში დაიწყება.

საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო. ორი წლის განმავლობაში, 100-მდე აღსაზრდელი ამავე სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში იყო შეფარებული.

ახალი საბავშვო ბაღი „შპს მემონტაჟე ნიკამ“ ააშენა, რომელსაც სამუშაოებისთვის ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტზე 587 000 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად 14 საბავშვო ბაღი მუშაობს, რაც მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს. მაგალითად, წელს, არასაკმარისი ადგილების, გამო 200 აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები