მარნეულის სკოლები სხვადასხვა საგნის მასწავლებლის გარეშე
სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში, მიმდინარე სასწავლო წელს, ქიმიის გაკვეთილი ჯერ არცერთხელ ჩატარებულა.

სკოლაში, სადაც 251 ბავშვი სწავლობს, ქიმიის მასწავლებელი არ ჰყავთ. საგანს ოთხი კლასის მოსწავლეები ვერ გადიან, მათ შორის მეთერთმეტე კლასელები. ქიმიის სწავლას ისინი წელს უნდა ამთავრებდნენ. საგნის მასწავლებელმა სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ პენსიონერი პედაგოგებისათვის წარდგენილი შეთავაზების შემდეგ დატოვა. ასე მოიქცა შაუმიანის N1 სკოლის კიდევ ექვსი მასწავლებელი.

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლას შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული.

"ექვსი ადგილი შეივსო, მასწავლებლები ავიყვანეთ, მაგრამ ქიმიის მასწავლებელი ვერ ვიპოვეთ. ახლოს მდებარე სკოლებშიც არ არის თავისუფალი კადრები. არ ვაპირებ, ვინმეს მხოლოდ იმიტომ მივცე საათები, რომ ხელფასი აიღოს და ბავშვებს არაფერი ასწავლოს. არ ვიცი, როგორ იქნება საქმე, სამინისტროს შევატყობინე უკვე ეს ამბავი და გვითხრეს, იანვრმდე მოიცადეთ, იქნებ ვინმემ აიღოს მასწავლებლის სერტიფიკატი და მოვიდესო", - გვითხრა სკოლის დირექტორმა, არტუშ ურუმიანმა.

დირექტორმა არ იცის რამდენ ხანს გაუგრძელდება სკოლას მასწავლებილის ძიების პროცესი და რამდენ ხანს არ ჩატარდება ქიმიის გაკვეთილი. არტუშ ურუმიანს უხარია, რომ ახლადაყვანილი ექვსი მასწავლებელი იმავე სკოლის კურსდამთავრებულია და რაც მთავარია ყველამ იცის ქართული.

მარნეულის სკოლებში, სადაც მასწავლებლები ვერ მოძებნეს, საგნები სხვა პედაგოგებს გადაუნაწილეს, რის გამოც მათ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ.

მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 261-მა პენსიონერმა დატოვა. საერთო ჯამში 29 სკოლას 110 მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული.

"ეროვნული სასწავლო გეგმით შეიძლება ქიმიის, ფიზიკის და ასეთი საგნის გაკვეთილები ჩატარდეს მეორე სემესტრში. ანუ, თუ ისე მოხდა, რომ სკოლამ ქიმიის მასწავლებელი ვერ აიყვანა, მაშინ ერთი სემესტრის განმავლობაში ქიმიის გაკვეთილი არ ჩატარდება, სამაგიეროდ ეს გაკვეთილები მომავალ სემესტრში ანაზღაურდება. არცერთი საათი არ დაიკარგება", - ამბობს ქენან ომაროვი

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უმასწავლებლოდ დარჩენილი სკოლების რაოდენობა ბევრი არაა. უახლოეს დღეებში მასწავლებლის ყველა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

რადიო "მარნეული" ამ დრომდე ცდილობდა გაერკვია, რა გამოსავალს ხედავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შექმნილ ვითარებაში, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.



რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები