მარნეულის 74 სკოლიდან ორში სწავლა დისტანციურად დაიწყო
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში 2020-21 სასწავლო წელი დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 74 სკოლიდან ორმა დისტანციურ რეჟიმში განაახლა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია რესურსცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა გვითხრა და თქვა, რომ 72-მა სკოლამ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები დააკმაყოფილა, ხოლო ორ სკოლას სწავლის განახლების ნებართვა არ მისცეს.

"სოფელ მარადისის საჯარო სკოლასა და ზემო ყულარის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად დაიწყო. ამ სკოლებში პატარა ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს. მაგალითად, ყულარში ბიო ტვალეტი დღეს უნდა ჩამოიტანონ და დაამონტაჟონ. ვფიქრობ, რომ ერთ კვირაში, ეს ორი სკოლაც სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმში გადავა"- თქვა ქენან ომროვმა.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შესრულებაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ. მონიტორინგს კი როგორც განათლების სამინისტრო, შრომის ინსპექცია, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებდა.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სწავლება საგანმანათებლო დაწესებულებებში თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დღეს, 15 სექტემბერს განახლდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები