როგორ ტარდება სპორტის გაკვეთილები ონლაინ - მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორის განმარტება

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლები და სკოლები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.

გაკვეთილები სკოლებში კვირის განმავლობაში გაწერილი ცხრილისა და განათლების სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად „თიმსის“ პროგრამაში ტარდება.

მოსწავლეების ნაწილისათვის ონლაინ ფორმატში განათლების მიღება პრობლემურია, ზოგიერთ მათგანს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მეორე მხრივ პრობლემურია ისეთი გაკვეთილების ჩატარება, როგორიცაა სპორტის გაკვეთილი.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა განაცხადა, რომ სკოლებში სპორტის თეორიული გაკვეთილები ტარდება.

„სპორტის გაკვეთილები ისეთია, რომ ონლაინ ვერ ტარდება. ახლა ასეთი გაკვეთილების თეორიას ატარებენ. მოსწავლეები „თიმსის“ პროგრამაში ერთვებიან და მასწავლებლები მათ მხოლოდ თეორიას ასწავლის“ - აცხადებს ქენან ომაროვი

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლაა. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დისტანციური განათლების რეჟიმი სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები