N5 საჯარო სკოლაში მშობელთა ნაწილმა დისტანციური სწავლება მოითხოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს მუშაობის განახლების უფლება სპეციალური რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე მიეცათ.


როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას სკოლის დირექტორი, ლელა ხარშილაძე ამბობს, მეხუთე საჯარო სკოლამ ჰიბრიდული სწავლება აირჩია და პედაგოგების ნაწილი გაკვეთილებს კვლავ ონალაინრეჟიმში გააგრძელებს. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მაქსილამურადაა დაცული რეკომენდაციები და სასწავლო პროცესი უსაფრთხოა.

მეხუთე საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესის დაწყების გრაფიკიც განსხვავებული ფორმით შეადგინა. ისე, როგოც ეს ახლა, პანდემიის პირობებშია რეკომენდებული.

სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა

„მასწავლებლების ნაწილი დადის თბილისიდან. ასეთი გვყავს 11. ამ პედაგოგებიდან ნაწილს საკუთარი მანქანა ჰყავს და მოდის სკოლაში და ჩვეულებრივად ჩაატარებს გაკვეთილებს. ნაწილი მასწავლებლებისა, გადავიყვანეთ დისტანციურზე - სკოლაში შემოვიტანეთ ჰიბრიდული სწავლება. მორიგეობა, თერმოსკრინინგი, ყველანაირი წესების დაცვით მიმდინარეობს. ის, რაც გავაკეთეთ სექტემბერში, მაშინ როდესაც სასწავლო პროცესი დაიწყო, იმავეს გავაკეთებთ ახლა.“

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მშობელთა ნაწილმა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა გადაწყვიტა. როგორც ლელა ხარშილაძე განმარტავს, ის მშობლები, რომლებიც ონალინსწავლებას აირჩევენ, მათთვის პედაგოგები დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

„მშობლების ნაწილი გახარებულია, უხარიათ ბავშვების სკოლაში მოყვანა, ნაწილი შეშინებულია, ვერ დავმალავთ ამას. მშობელთა ნაწილი დღეს გაივლის რეგისტრაციას. მოითხოვეს დისტანციური სწავლება, მე მათ ვასწავლი როგორ უნდა მოიქცნენ და გადავიყვანთ ონლაინსწავლებაზე. მშობლის სურვილი აუცილებლადაა გასათვალისწინებელი“

ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, რომ მათთვის საკლასო ოთახებში სწავლას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა შექმნილი ვითარების გამო შიშობენ.

„მოხარულები ვართ სწავლის დაწყების, თუმცა ამავდროულად გვეშინია. ჩვენ კოვიდი არ გვაქს გადატანილი და მეშინია ნამდვილად. ვნახოთ რა იქნება, თუ რამე დაფიქსირდა კლასში, მერე შეგვიძლია მოვითხოვოთ ისევ დისტანციურზე გადასვლა. მე, ონლაინსწავლებით კმაყოფილი ვარ ნამდვილად იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გავართვით თავი. ცხადია, სკოლა გვირჩევნია, პედაგოგთან უფრო ახლო ურთიერთობაა, უფრო მეტს იგებს ბავშვი, მაგრამ როგორც იქნება (სიტუაცია) ჩვენც ისე მოვიქცევით“ - გვითხრა მშობელმა, ნონა კაპანაძემ.


დაწყებითი კლასების პედაგოგი მარიამ დარბაიძე-გოგოლიძე ამბობს, რომ მათთვის რეკომენდაციების დაცვა რთული არ იქნება. ამისათვის სკოლა შესაბამისადაა აღჭურვილი.

„პედაგოგები გახარებულები ვართ დღევანდელი დღით. ნამდვილად კარგად ტარდებოდა ონლაინგაკვეთილები, მაგრამ ჩვენი ბავშვებისთვის საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვა არის. ბავშვები გახარებულები არიან ისეთი ემოციებით შეგვხვდნენ და პედაგოგებიც სიხარულით აღარ ვართ, რომ დაიწყო ჩვენთვის სასურველი დღე“



ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში 1040 მოსწავლეა, მასწავლებელთა რაოდენობა 55-ია. სკოლაში მოწყობილა წიგნების საკარანტინო ოთახი, ტემპერატურის შემთხვევაში იზოლაციის სივრცე. მოსწავლეები ორ ცვლაში ივლიან და დასვენების დროც კლასებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებს კორონავირუსის ტესტი ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ.
Print