„1+4“ პროგრამის სტუდენტები სახელმწიფოს „უფასო პროგრამების“ დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვენ
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის პროგრამული დაფინანსებით ქართულენოვან სტუდენტებთან გათანაბრების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

ე.წ. „1+4“ პროგრამით უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ კურსებზე სწავლის საფასურის გადახდა მაინც უწევთ.

„არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უშუალო ჩარევის გარეშე ვერ ხერხდება: კერძოდ, ეს ეხება კვოტირების სისტემით უსდ-ებში მოხვედრილი სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს და, არაერთი რეკომენდაციისა თუ განხილვის მიუხედავად, სამწუხაროდ, დღემდე არ შეცვლილა. საქმე ის გახლავთ, რომ 1+4 სტუდენტთა სწავლის დაფინანსება შეზღუდულია იმ პრიორიტეული მიმართულების პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება.“ - წერია პეტიციაში

პეტიციის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი კახა გაბუნიაა. როგორც გაბუნიამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმა დაფინანსების წესის ცვლილება არათანაბარი პირობების გამო გადაწყვიტეს.

„2013 წლამდე აბსოლიტურად თანაბარი პირობები იყო სტუდენტებისათვის იმ მხრივ, რომ არც ქართულენოვანსკოლადამთავრებულები და არც არაქართულენოვანსკოლადამთავრებულები სხვა ტიპის დაფინანსებას საბაკალავრო პროგრამებზე არ იღებდნენ, მაგრამ 2013 წლიდან დაიწყო ე.წ პრიორიტეტული მიმართულებების გამოყოფა უნივერსიტეტებში, როგორიცაა ქართული ფილოლოგია, ისტორია, მასწავლებელთა მომზადების პროგრამები და ა.შ. ეს არის ეგრედწოდებული უფასო პროგრამები, მაგრამ ეს უფასო არის მხოლოდ ქართულენოვნებისათვის, აი აქ გვხვდება თანასწორობის პრინციპის დარღვევა. განათლების სამინისტროს განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ამ კურსებზე „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტები დაფინანსებას ვერ მიიღებენ. სწორედ ამან გამოიწვია არაქართულენოვანი სტუდენტების დიდი პროტესტი, რადგან მათ დაინახეს, რომ მათი ქართულენოვანი კურსელები სწავლის საფასურს არ იხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად სწავლობენ“. - გვითხრა კახა გაბუნიამ

გაბუნიას განმარტებით, განათლების სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად ჰქონია შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის დამაიმედებელი შედეგით სრულდებოდა, მაგრამ დაფინანსების წესის ცვლილება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„ხშირად მქონია სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით საუბრები და ყოველთვის კარგად მხვდებოდნენ და მპირდებოდნენ, რომ ეს წესი შეიცვლებოდა, მაგრამ დღემდე არ შეცვლია. მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ამ წესის შესაცვლელად პოლიტიკური ნება არ აქვს. ჩემი აზრით ამის მთავარი მიზეზი მინისტრების სწრაფი ცვლილებებია. ახალი მინისტრი რომ მოდის მას კიდევ თავიდან უნდა აუხსნა თუ რაშია პრობლემა და რატომ უნდა შეიცვალოს ეს წესი და სწორედ ამიტომ პროცესი ძალიან იწელება დროში“ - გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა კახა გაბუნიამ

პეტიცია 2021 წლის პირველ თებერვალს გამოქვეყნდა და მას უკვე 283 ხელმომწერი ჰყავს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები