ვინც სოციალურ ქსელში არაა ინფორმაციას მეზობლებისგან ან „ბირჟაზე“ იღებს - ნახიდურის სკოლის მასწავლებლები
მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ქვემო ქართლის მასშტაბით 60-ზე მეტ ადამიანს ტრენინგები უტარდება.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას პროექტის "დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამღლებით" კოორდინატორმა აღმოსავლეთ საქართველოში თეონა ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ პროექტი სამ სამიზნე ჯგუფზე მუშაობს.

"პროექტის ძირიატადი მიზანია მედიაწიგნიერების დონის ამაღლება ჩვენ სამიზნე რეგიონებში, სამ სამიზნე ჯგუფში რომელიცაა, ქალები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები. ჩვენი მიზანია რომ მათ შევასწავლოთ თუ როგორ უნდა გაარჩიონ ნამდვილი ამბავი დეზინფორმაციისგან და ვიცოდეთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები" - გვითხა თეონა ფურცხვანიძემ

პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების, ნახიდურისა და სავანეთის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მასწავლებლები არიან ჩართული. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ნახიდურის საჯარო სკოლის მაძიებელმა მასწავლებელმა ჩინარა ნაბიევამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ქართული ენის არმცოდნე მოსახლეობაში დიდ პრობლემას წარმოადგენს.

"ჩემი აზრით ადამიანებისათვის მაქსიმალურად საჭიროა იცოდნენ, რომ ყველა ინფორმაცია რომელიც ინტერნეტში ვრცელდება სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, როდესაც სოციალურ ქსელში ვრცელდება რაიმე ინფორმაცია ადამიანი უნდა დარწმუნდეს თუ რამდენად მართებულია ის რათა არ გახდეს სიცრუის მსხვერპლი. ვინც სოციალური ქსელებით სარგებლობს მათთვის მეტნაკლებად უკვე ცნობილია რომ ზოგი ინფორმაცია ტყუილოა, მაგრამ ადგილობრივებმა რომლებიც ჯერ კიდევ არ სარგებლობენ სოციალური ქსელებით ეს არ იციან და ისინი უფრო ხშირად ხდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი" - გვითხრა ჩინარა ნაბიევამ

ნაბიევას მსგავსად ამავე სკოლის ქართული ენის დამხმარე პედაგოგი ლეილა აბდულაევა თვლის, რომ არაქართულენოვან მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ვიდრე ქართულენოვან მოსახლეობაში, რადგან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართულად უფრო ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ვიდრე აზერბაიჯანულად.

"ყველანი შევდივართ სოციალურ ქსელებში და იქ ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. მაგალითად, კორონავირუსის გავრცელებისას ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა რამაც პირადად მეც შემიქმნა პრობლემები, თავიდან ეს ვირუსი ძალიან საშიშად მეჩვენებოდა, რადგან როგორც ინფორმაციას ავრცელებდნენ ყველა ადამიანისთვის მომაკვდინებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ეს ასე არაა. არაქართულენოვანი მოსახლეობა უფრო მოწყვლადია ამ მიმართულებით, რადგან მათ ენა არ იციან და იჯერებენ იმ ინფორმაციას, რასაც მეზობელი, ნათესავი ან სხვა ვინმე ეტყვის, ეს ინფორმაცია კი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ტყუილი იყოს" - გვითხრა ლეილა აბდულაევამ

მასწავლებლების თქმით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სოციალური ქსელია, ძირითადად ფეისბუქი და ინსტაგრამი, მაგრამ სოფლებში, სადაც სოციალურ ქსელებს აქტიურად არ იყენებენ, ინფორმაციის მიღება და გავრცელება ძველი მეთოდით ხდება, სოფლის ბირჟაზე, ან მეზობლებისაგან.

ქვემო ქართლის მასშტაბით პროექტს "დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამღლებით" ბოლნისის ენის სახლი ანხორციელებს. როგორც ორგანიზაციის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი ამბობს, რომ სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები 2020 წლის იანვრიდან დაიწყო.

"თითოეულ ჯგუფთან გვექნება 5 შეხვედრა. ყოველ შეხვედრაზე ვაჩვენებთ ფილმს, ეს ფილმებია ახალ ამბებზე, არჩევნებზე, ინტერნეტზე, ალგორითმებსა და ზოგადად მედიაწიგნიერებაზე. ფილმების ყურების შემდეგ გვაქვს დისკუსიები და სასწავლო ვორქშოფები რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ" - გვითხრა ირმა ზურაბაშვილმა

პროექტი "დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება საქართველოში" ჩეხური ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ის მიერ ოთხ სამიზნე რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები