მარნეულში მომუშავე პედაგოგი სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად მეორედ დასახელდა
მარნეულის N2 და N5  საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. მსგავსი ტიტული თემურ სუყაშვილმა უკვე მეორედ მოიპოვა.

როგორც პედაგოგი ამბობს, მისი შეფასება რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით მოხდა. მათ შორის, წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების, ჩატარებული ღია გაკვეთილების და სხვა  აქტივობებზე დაკვირვებით.

„მე მქონდა აპლიკაცია შეტანილი წლის საუკეთესო მასწავლებელზე, თუმცა გასული წლის  „ლოქდაუნის“ პირობებში ვერ გაიმართა. ამიტომ,  წელს ჩატარდა 2019 და 2020 წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება. მე დავსახელდი 2020 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად ქვემო ქართლის რეგიონიდან. ქვემო ქართლიდან ბევრი კანდიდატი იყო საკმაოდ. ჩემს გარდა კიდევ გამოვლინდნენ ქვემო ქართლიდან საუკეთესო სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელები. 2019 წელსაც დავსახელდი საუკეთესო მასწავლებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ძალიან მიხარია. მასწავლებელი მხოლოდ საკუთარ თავთან ვერ იქნება წარმატებული. მისი წარმატება პირდაპირ აისახება მოსწავლეების თვითშეფასებაზე. იმ კუთხით, რომ მათ ჰყავთ წარმატებული მასწავლებელი და შეიძლება ერთგვარი როლური მოდელი გავხდე ჩემი მოსწავლეებისთვის. ამიტომ მიხარია მსგავსი წარმატება“

თემურ სუყაშვილი სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად , სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმზე, 10 აპრილს დასახელდა. მსგავსი ტიტული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჯამში რვა პედაგოგმა მოიპოვა.

გარეკანის ფოტო:სამოქალაქო ინიციატივები/"მომავლის თაობა"

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები