გიორგი კეკელიძემ ქურთლარის სკოლას წიგნები გადასცა
დღეს, 1 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლარის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა. საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა შეემატა. როგორც გიორგი კეკელიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი აქტივობები მარნეულში სამომავლოდაც გაგრძელდება.



„მე არაერთხელ ვარ მარნეულის სოფლების სკოლებში ნამყოფი ძალიან დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით. დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რაც თავისმხრივ გულისხმობს სწორედ იმას, რომ სკოლის მოსწავლეები, ზოგადად ბავშვები არიან ყურადღების ცენტრში. ჩვენ გადავწყვიტეთ ქუთლიარში ჩამოვსულიყავით და წიგნები და კომპიუტერი ჩამოგვეტანა საჩუქრად. ეს არის მხატვრული ლიტერატურა და ამავდროულად, არის სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა, რომელსაც იოლად გაეცნობა ენის შესწავლის პროცესში მყოფი პატარა“-
თქვა გიორგი კეკელიძემ

გიორგი კეკელიძესთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქურთლარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს  „ნეოგაზის“ კომერციულმა დირექტორმა ესმა ჩაჩანიძემაც მიულოცა.  მან კომპანიის სახელით სკოლას კომპიუტერი გადასცა.

„გიორგი კეკელიძესთან ერთად კომპანია „ნეოგაზი“ ჩაერთო დღევანდელი დღის აქციაში. სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში ბავშვებს მივულოცეთ დღევანდელი დღე და „ნეოგაზის“ სახელით შევიტანეთ ჩვენი წვლილი ბიბლიოთეკის მოწყობაში და გადავეცით ტექნიკური აღჭურვილობა კომპიუტერის სახით“ - თქვა ესმა ჩაჩანიძემ

ქუთლიარის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ნინო წიკლაური მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ ნაჩუქარ წიგნებს და კომპიუტერს სკოლა აქტიურად გამოიყენებს.

„პირველ რიგში, ეს ადამიანები გრძნობენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მათი განათლების, განვითარების და ზოგადად, ინტეგრაციის საკითხებში და ეს ძალიან დიდი საქმეა. მხარდაჭერა კი მოტივაციას ქმნის, სწორი ნაბიჯების გადადგმაში“ - ამბობს ნინო წიკლაური

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, მარნეულის სხვადასხვა სკოლას საკითხავი მასალა უკვე რამდენჯერმე გადასცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები