პირბადის გამო დაორთქლილი სათვალე - მარნეულელი აბიტურიენტის გამოწვევა ეროვნულ გამოცდებზე

სიმაი მურსაგულოვამ დღეს, 2 ივლისს, ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა.

სიამიმ ქართული იცის რის გამოც უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით არ აბარებს. მურსაგულოვა რადიო „მარნეულს“ უყვება, რომ საგამოცდო საკითხები მისთვის რთული არ ყოფილა. ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოცდების ჩასაბარებლად მარტო, პედაგოგის დახმარების გარეშე, მეცადინეობდა.

„გამოცდებში მონაწილოება სულ სხვა გრძნობაა. ადრე რაც მიგრძვნია არცერთ გრძნობას არ ჰგავს. ნერვიულობას, სიხარულს და შიშს ერთად გრძნობ“.

წელს, გასული წლის მსგავსად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეში სპეციალური რეგულაციები იყო დაწესებული. სიამის თქმით, შეზღუდვებმა მას სირთულე შეუქმნა.

„ნიღაბის ტარება მე ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ სათვალეს ვატარებ და ნიღბის გამო შუშები დაიორთქლა და იძულებული გავხდი სათვალე მომეხსნა. მხედველობა სუსტი მაქვს, თან სიცხე იყო. მართალია კონდიციონერი მუშაობდა, მაგრამ ფანჯრები ღია დატოვეს და ოთახში სიგრილე არ იყო. დეზინფექციასთან დაკავშირებით სირთულე არ მქონია“.

სიამი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ კრიმინალური პოლიციელი გამოსულიყო. ამბობს, რომ ქალად ყოფნა მხოლოდ დედობით არ სრულდება და სჯერა, რომ ის კრიმინალისტი გახდება და ქალებთან და ჰიჯაბთან დაკავშირებით სტერეოტიპებს დაარღვევს.

„ახლა არავის სჯერა ჩემი, მაგრამ მომავალში როცა ვიქნები წარმატებული კრიმინალისტი ეს სტერეოტიპები დაირღვევა. ჰიჯაბს როცა ატარებ, ძირითადად, ყველაფერი უფრო რთულია, იმიტომ რომ თვლიან, რომ ჰიჯაბის ტარების გამო გაუნათლებელი ხარ. შორეული ბავშვობიდან ჩემი ოცნება კრიმინალისტობაა. არც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ ოცნებისთვის ვიბრძოლებდი და ეს ასე ამანერვიულებდა. ვფიქრობდი, რომ ეს ოცნებად დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“

აღსანიშნავია რომ საქართველოში 1 ივლისიდან ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებისთვის დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები ასეთია:
• დაიცავით სოციალური დისტანცია;
• გამოცდებისთვის რეგისტრაციისა და ასევე გამოცდების დროს ნიღაბის ტარება;
• დაიმუშავეთ ხელები ადგილზე არსებული დეზინფექციის ხსნარით;


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები